აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ტოდ რობინსონი მიიჩნევს, რომ "უცხოური გავლენის აგენტებზე” მომზადებული კანონპროექტები რუსეთის ინტერესებშია.
ჟურნალისტის კითხვაზე არის თუ არა პარლამენტში რეგისტრირებული ერთ-ერთი კანონპროექტი “ამერიკულის ანალოგი”, როგორც ამას ავტორები ამტკიცებენ, რობინსონი აცხადებს, რომ შინაარსის განხილვაში არ შევა, თუმცა დარწმუნებულია, რომ ის საქართველოს ინტერესებისთვის არ იმუშავებს.
“ეს კანონი ეფუძნება არა საქართველოს, არამედ რუსეთის ინტერესებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს ინტერესებშია ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ეს კანონი ამას ხელს არ უწყობს. არ ვფიქრობთ რომ ეს საქართველოსთვის სწორი იქნება და უფრო მნიშვნელოვანია, რომ ქართველებიც ასე ფიქრობენ. გავაგრძელებთ საქართველოს მთავრობაში პარტნიორებთან მუშაობას იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ ვმუშაობთ საკითხზე, რაც მათთვისაც პრიორიტეტულია, რაც ევროატლანტიკური ინტეგრაციაა. არ ვაპირებ ამ კანონის დეტალურ განხილვაში შესვლას. რაც ვიცი არის ის, რომ ის საქართველოსთვის არ იმუშავებს",-აცხადებს ის.
კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ინიცირებულია მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ. მოძრაობა გასულ წელს შექმნა მმართველი პარტიის წევრებისგან, რომელთაც საპარლამენტო უმრავლესობა არ დაუტოვებიათ. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში იმ მედიასაშუალებებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური ორგანიზაციებისგან, მათ შორის საერთაშორისო დონორებისგან იღებენ, მოუწევთ დარეგისტრირდნენ, როგორც უცხოური გავლენის აგენტები.




























