მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეს კანონი გასაუქმებელია, რა ფორმითაც გინდათ...“ - პრეზიდენტი

6407990015624
ვიქტორია მღებრიშვილი
08.03.23 00:01
2077
საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ დღეს პირველი მოსმენით მიღებული კანონი გასაუქმებელია და ვენეციის კომისიაში არ უნდა გაიგზავნოს. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნული განცხადება აშშ-დან გაავრცელა, სადაც გაეროში დღეს დაგეგმილი ყველა შეხვედრა გადადო და მოსახლეობას მიმართა.

„მოგმართავთ თქვენ, ვინც ამ საღამოს რუსთაველზე დგახართ, ისე როგორც მე ვმდგარვარ არაერთხელ. მე აქ ვდგავარ ნიუ იორკში და ჩემს უკან არის თავისუფლების ქანდაკება, ის რისთვისაც დღემდე მოვედით. მე თქვენს გვერდით ვარ, რადგან თქვენ წარმოადგენთ დღეს თავისუფალ საქართველოს. იმ საქართველოს, რომელიც თავის მომავალს ევროპაში ხედავს და არავის მისცემს უფლებას წაართვან ეს მომავალი. ეს მომავალი ეკუთვნის ჩვენს მომავალ თაობებს. ეს ის მომავალია, რომელსაც წინა თაობები ამზადებდნენ და რომელსაც ჩვენ ვამზადებდით. არავის აქვს უფლება თქვენი მომავალი წაგართვათ. არავის აქვს უფლება დააგოს მახეები. ეს კანონი, რომელიც არავის სჭირდებოდა და არსაიდან მოდის, თუ არა მოსკოვის კარნახით, ეს კანონი გასაუქმებელია, რა ფორმითაც გინდათ... არანაირად არ არის გასაგზავნი ვენეციის კომისიაში და ვენეციის კომისიამ ძალიან კარგად იცის რა ტიპის კანონია ეს.

პირველივე დღიდან ვთქვი, რომ ამ კანონს ვეტოს დავადებდი და დავადებ ვეტოს. არ მაინტერესებს მისი მუხლობრივი განხილვა, არ მაინტერესებს მისი მსგავსება ძველ ამერიკელ კანონთან, რომელიც ძალიან კარგად ვიცით, რომ სულ სხვა რამეს ემსახურება. მე მხოლოდ საქართველოს მომავალი და ის კონსტიტუცია მაინტერესებს, რომლის გარანტი ვარ, კონსტიტუციით. მასში წერია, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ვალდებულია, რომ ჩვენ ყველამ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა მივიყვანოთ ევროკავშირამდე. რომ ევროინტეგრაციის გზა იყოს დაცული. ყველა ის ვინც დღეს ამ კანონს ხმა მისცა არღვევს ამ კონსტიტუციას და ყველა გვაშორებს ევროპისგან“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები