იურისტი და “ზვიად კორძაძის საადვოკატო ბიუროს” მმართველი პარტნიორი აცხადებს, რომ ე.წ. რუსული კანონის ამოქმედება საქართველოსთვის საფრთხის შემცველია.
როგორც ზვიად კორძაძემ „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, ვენეციის კომისიის დასკვნამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აღნიშნული კანონი სასარგებლოდ არცერთი არგუმენტი არ არსებობს.
იურისტი ამბობს, რომ გამჭვირვალობის მოტივით მიღებული კანონის რეალური მიზანი არასამთავრობო სექტორის სტიგმატიზებაა და მისი ამოქმედება საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.
„როდესაც ევროგაერთიანება და პარტნიორები გეუბნებიან, რომ შენი კონკრეტული კანონი და ქმედება არ ჯდება ამ გაერთიანების მოთხოვნებში, ეს არა დაძალება, არამედ თამაშის წესების დადგენაა. ისინი გეუბნებიან, რომ თუ ამ თამაშით თამაშობ, ჩემთან ვერ იქნები. ეს კი ქართველი ხალხის ნება არაა, რადგან ქართველი ხალხის 80-90% ევროპისკენ მიისწრაფვის. ამ შემთხვევაში, შენ რჩები არა მხოლოდ ევროპის, არამედ ქართველი ხალხის ნების გარეთ.
თვითონ ევროკავშირმა, უმაღლესი თანამდებობის პირებმა, მინისტრებმა განაცხადეს, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში, ჩვენ ევროპისკენ გზა დაგვეკეტება და მოლაპარაკებების გახსნაზე საუბარიც აღარ იქნება. სხვა მეტი რომც არაფერი მოხდეს, მხოლოდ ესეც ჩვენს რეალობაზე დამღუპველად იმოქმედებს.
საუბარია, რომ ამ კანონის მიზანი გამჭვირვალობაა, მაგრამ ყველა ეს ინფორმაცია ისედაც ხელმისაწვდომია სახელმწიფო სტრუქტურებისთვის. ამ კანონის მთავარი უბედურება ისაა, რომ რეალურად მისი მიზანი ადამიანების სტიგმატიზებაა, რომ მათ უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი დაერქვათ. ამ კანონის მიღება ქვეყნისთვის საშიშია და ვენეციის კომისიის დასკვნამაც დაადასტურა, რომ არც იურიდიული და არც საღი აზრი მის სასარგებლოდ არ არსებობს. ამიტომ სანამ დროა და ძალიან გვიან არაა, ეს კანონი უნდა დავივიწყოთ“, - განაცხადა ზვიად კორძაძემ.