“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარის შეფასებით, “ქართული ოცნების" მიერ გრანტების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი მიზანი სამოქალაქო ცხოვრებიდან აქტიური ადამიანების განდევნაა.
საქმე ისაა, რომ "ქართული ოცნება" გრანტების შესახებ კანონს კიდევ უფრო ამკაცრებს. ცვლილებებით ფართოვდება გრანტის განმარტება. გრანტად მიიჩნევა ნებისმიერი ფულადი თუ ნატურალური სახსრები, რომელიც შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოებაზე გავლენის მოხდენას, ქვეყნის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის შეცვლას ან ჩამოყალიბებას.
როგორც თამარ ონიანმა BMG-ის საკითხის შეფასებისას განუცხადა, კანონის გამკაცრება იმ რეპრესიების ნაწილის, რომელსაც „ქართული ოცნება“ ბოლო პერიოდის განმავლობაში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ ახორციელებს.
“გუშინ დაანონსებული ცვლილებები ჩვენ მიგვანიშნებს იმაზე, რომ ეს არის გაგრძელება ფაქტობრივად იმ დევნის პრაქტიკის, რომელიც გასული ორი წლის განმავლობაში აქტიურად ხორციელდება როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ, ასევე ზოგადად ნებისმიერი აქტიური ადამიანის მიმართ. ეს არის ზეწოლა გამოხატვის თავისუფლებაზე და ამაზე მიგვანიშნებს ჩვენ ის ფართო დისკრიმინაციული ბუნება, რომელიც არსებულ დაანონსებულ ცვლილებებს აქვს.
მათ შორის ეს სადამსჯელო ხასიათის სისხლის სამართლებრივი სანქციები, რომელიც ფაქტობრივად გააერთიანეს ამ საკანონმდებლო ცვლილებებში, რაც ბუნებრივია მთლიან კლიმატში, რომელიც ქვეყანაში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით არსებობს, აჩენს ძალიან დასაბუთებულ ეჭვს, რომ ეს კეთდება სამოქალაქო ცხოვრებიდან აქტიური ადამიანების განდევნის მიზნით”, - განაცხადა თამარ ონიანმა.




























