მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნებართვა გრანტზე და 6 წლამდე ციხე დარღვევისთვის - „ოცნებამ“ გრანტის კანონში ცვლილებები დაარეგისტრირა

ბიურო

გრანტებსა და პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტში ინიცირებულია და განსახილველად შესაბამის კომიტეტებს გადაეცა. ცვლილებების ავტორი და ინიციატორი ფრაქცია „ქართული ოცნებაა".

განმარტებით ბარათში ავტორები მიუთითებენ, რომ 2025 წელს მიღებული კანონმდებლობის მიუხედავად, უცხოური დაფინანსება კვლავ გაუმჭვირვალეა. „ოცნება“ ამტკიცებს, რომ არსებობს საშიშროება, უცხოური დაფინანსება „საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ“ იქნეს გამოყენებული და ამიტომ წესების გამკაცრება აუცილებელია.

კანონპროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა. მის მომხსენებლებად არჩილ გორდულაძე და თორნიკე ჭეიშვილი არიან.

ცვლილებები 7 კანონში შედის, მათ შორის „გრანტების შესახებ“ კანონში, „სისხლის სამართლის კოდექსსა“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის არსი და შინაარსი საზოგადოებას 28 იანვარს, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ გააცნო.

წარდგენილ საკანონმდებლო პაკეტში კი წერია, ცვლილებებით ფართოვდება გრანტის განმარტება. გრანტად მიიჩნევა ნებისმიერი ფულადი თუ ნატურალური სახსრები, რომელიც შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოებაზე გავლენის მოხდენას, ქვეყნის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის შეცვლას ან ჩამოყალიბებას.

მთავარი სიახლეები:

  • მთავრობის ნებართვა: ასეთი ტიპის გრანტის მიღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს მთავრობის ან მის მიერ უფლებამოსილი ორგანოს წინასწარი თანხმობით.
  • ტექნიკური დახმარება: გრანტად ჩაითვლება ექსპერტების დაქირავება, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაც, თუ ეს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენას ისახავს მიზნად.
  • უცხოური იურიდიული პირები: ორგანიზაციებს, რომელთა საქმიანობა არსებითად საქართველოზეა ორიენტირებული, დაფინანსების მისაღებად მთავრობის თანხმობა დასჭირდებათ.

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და 6 წლამდე პატიმრობა

პროექტით, „გრანტების შესახებ“ კანონის დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაული ხდება. კერძოდ, მთავრობის თანხმობის გარეშე გრანტის მიღება ან მისი გამოყენება დაისჯება ჯარიმით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლების აღკვეთით 6 წლამდე ვადით.

გარდა ამისა, ცვლილებები შედის შემდეგ მუხლებში „სისხლის სამართლის კოდექსის“ 194-ე მუხლს ემატება დამამძიმებელი გარემოება, რომლის მიხედვითაც ფულის გათეთრება საქართველოს პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების მიზნით დაისჯება თავისუფლების აღკვეთით 9-დან 12 წლამდე ვადით.

შეზღუდვები პოლიტიკური პარტიებისთვის

ცვლილებები ეხება პარტიულ საქმიანობასაც. კანონპროექტით, პირს, რომელიც მუშაობს ორგანიზაციაში, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური ძალისგან მოდის, ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში.

ასევე, ტერმინი „განცხადებული საარჩევნო მიზანი“ იცვლება ტერმინით „განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზანი“, რაც აფართოებს იმ სუბიექტთა წრეს, ვისზეც პარტიებისთვის დაწესებული ფინანსური შეზღუდვები გავრცელდება.

უცხოური დაფინანსების მიღების შემთხვევაში, განისაზღვრება პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი პირისა და განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე სუბიექტის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

ცვლილებები ასევე ეხება მეწარმე სუბიექტის საჯარო პოლიტიკურ აქტივობას. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დგინდება ახალი სამართალდარღვევა მეწარმე სუბიექტის მიერ ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობის განხორციელებისთვის, რომელიც არ უკავშირდება მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობას. აღნიშნული ქმედება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 20 000 ლარით დაჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში კი 40 000 ლარით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები