"ეს ფაქტიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამხელა კრიმინალური ენერგია აქვს ამ ადამიანს", - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გიორგი ბაჩიაშვილის ცემის ფაქტთან დაკავშირებით სუს-ის განცხადებას.
"ჯერ მილიარდები თუ ათობით მილიონი გააქრო. შემდეგ ნახეთ, რომ ლამის თავისი ხელით გადააკეთა მანქანა. არ ვიცი, გდრ-დან ფედერაციულ რესპუბლიკაში რომ იპარებოდნენ ხოლმე, ამხელა აგენტურული სცენა დადგა. მეორე, ეს აჩვენებს, ვიღაც აძლევს საშუალებას, რომ ფული, რომელიც თაღლითურად აქვს მოპარული, გამოიყენოს. დიდ თანხებზეა საუბარი და მას ეძლევა საშუალება, რომ მოისყიდოს ციხის ხელმძღვანელობიდან დაწყებული მედიით დამთავრებული. არავის ეჭვი არ ეპარება, რომ ეს იყო ნაყიდი სტატიები „გარდიანში“ და კიდევ ერთ გაზეთში ამერიკაში. ვის აინტერესებს ბაჩიაშვილი ლონდონსა და ნიუ-იორკში - ეს იყო ნაყიდი სტატიები", - აცხადებს პაპუაშვილი.
ცნობისთვის, 9 ოქტომბერს სუს-მა სპეციალური პენიტენციური სამსახურის, პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე გიორგი ქემოკლიძე დააკავა. უწყების მტკიცებით, ქემოკლიძემ და ბაჩიაშვილმა ერთად დაგეგმეს ამ უკანასკნელის ცემის იმიტაცია.




























