მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანდიდატის სტატუსი, სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილის ხელში იარაღად იქცა - შალვა პაპუაშვილი

64c010499d85b
BM.GE
25.07.23 22:27
439
დღეს კონფერენციაზე იყო საგნობრივი განხილვა სასამართლო რეფორმაზე, საარჩევნო საკითხებზე და დეოლიგარქიზაციაზე,  - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კონფერენციის - „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ შეფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, კონფერენციაზე საგნობრივ საკითხებთან დაკავშირებით პროფესიული მსჯელობა გაიმართა, თუმცა ოპოზიციის მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა. 

„რაც შეეხება ოპოზიციას, სამწუხაროდ, ნახევარი დღის შემდეგ მათ დაგვტოვეს და ამ ღონისძიებაში აქტიურები არ იყვნენ, ესეც აჩვენებს საკითხების მიმართ როგორია მათი ინტერესი. ჩვენ ამას დიდი ხანია ვაკვირდებით, რომ კანდიდატის სტატუსი, სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილის ხელში იქცა იარაღად, იარაღად ხელისუფლებაზე ზეწოლის, იარაღად რომ მოხდეს შანტაჟი ქვეყნის და არეულობა. როდესაც ხედავენ, რომ პროფესიული და მშვიდი დისკუსია მიმდინარეობს, ამ დისკუსიაში არ მონაწილეობენ, რის მომსწრეც ვიყავით. თავიდან იყო ოპოზიციის ჩართულობა და მე მადლობა გადავუხადე ოპოზიციის ყველა წარმომადგენელს, თუმცა დიდმა ნაწილმა, სამწუხაროდ, მონაწილეობა არ მიიღო“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ სამოქალაქო პლატფორმასთან თანამშრომლობაზეც ისაუბრა და მის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.

„მინდა მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ მრავალფეროვანი სამოქალაქო საზოგადოება იყო წარმოდგენილი, საკითხებთან დაკავშირებით ყველამ შეძლო საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება. ვფიქრობ, რომ ეს წარმატებული პირველი კონფერენცია იყო და ამ წარმატებასა და გამოცდილებაზე დაშენდება სხვა ასეთი სახის ღონისძიებები, სადაც განვიხილავთ სხვა საკითხებს. განსახილველი დაგვრჩა ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე საკითხები, რომელიც შეეხება გარემოს დაცვას, ეკონომიკას, რაც არის საერთო ჯამში, სული და გული ევროკავშირის და ამ საკითხებზე უნდა ვიმსჯელოთ. ეს ახდენს გავლენას ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებაზე და ეს არის რეალურად ევროკავშირი საქართველოში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით გამართული კონფერენციაზე მსჯელობა წარიმართა პარლამენტარებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შორის.

ღონისძიება გახსნეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, პლატფორმის თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ.

მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის წევრებმა, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტებმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები