მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ეს მესიჯია ქართველი ბიზნესმენებისთვის - ნებისმიერი თქვენგანი შეიძლება ციხეში ჩავსვათ, თუ არ შეასრულებს მითითებებს" - ფადი ასლი რამიშვილის დაკავებაზე

ფადი ასლი

"ეს ძალიან ძლიერი გზავნილია ქართველი ბიზნესმენებისთვის, რომ არავინაა დაცული. ეს არის მესიჯი - ნებისმიერი თქვენგანი შეიძლება ციხეში ჩავსვათ, თუ არ შეასრულებს მითითებებს",- ასე აფასებს ICC საქართველოს თავმჯდომარე ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის დაკავების ფაქტს.

როგორც ფადი ასლი BMG-სთან საკითხის შეფასებისას აცხადებს, მსგავსი ფაქტები და მთლიანობაში ქვეყანაში ბოლო პერიოდში შექმნილი არასტაბილური ვითარება ბიზნესგარემოზე ნეგატიურად აისახება.

„უცხოელ ინვესტორებს დიდი ხანია არ აინტერესებთ საქართველო. ასე რომ, მათთან მიმართებაში მსგავსი ფაქტებით არაფერი შეიცვლება. თუმცა რაც მოხდა გიორგი რამიშვილთან მიმართებაში, ეს ძალიან ძლიერი გზავნილია ქართველი ბიზნესმენებისთვის, მესიჯი ისაა, რომ არავინ არის დაცული. ეს არის მესიჯი - ნებისმიერი თქვენგანი შეიძლება ციხეში ჩასვათ, თუ არ შეასრულებს მითითებებს, თუ იტყვის რამეს, რაც არ მოგვწონს, თუ არ გადაგვიხდით ფულს, ანუ ეს არის მკაფიო და მარტივი მესიჯი, რომ არავინ იქნება დაცული, თუ ისინი არ შეასრულებენ მითითებებს.

ეს ტერორის კლიმატია. ის, რაც ახლა ხდება საქართველოში, ზუსტად ისაა, რაც რუსეთში ხდება. ეს, რა თქმა უნდა, დადებითად არ აისახება ბიზნეს გარემოზე და ქართველი ბიზნესმენებიც კი, რომლებიც ახლოს იყვნენ „ქართულ ოცნებასთან“, ალბათ, ეჭვქვეშ აყენებენ საკუთარ მომავალს. ის, რაც ახლა ხდება, კიდევ უფრო უარესია, ვიდრე ის, რაც სააკაშვილის მმართველობის ბოლო რამდენიმე წელს ხდებოდა“, - განაცხადა ფადი ასლიმ.

ცნობისთვის, ბიზნესმენი „სილქ როუდ ჯგუფის“, „სილქნეტის“, „ევრონიუს ჯორჯიასა“ და სხვა არაერთი კომპანიის დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი 6 ივლისს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ გიორგი რამიშვილს აეროპორტში ხელბარგის სკანერით შემოწმებისას აღმოუჩინეს ცეცხლსასროლი იარაღი. უწყების ცნობით, ამოღებული იარაღი ბიზნესმენის სახელზე იყო რეგისტრირებული, თუმცა ტარების უფლება არ ჰქონდა.

ბიზნესმენს გიორგი რამიშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. პროკურატურა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები