მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეს ქსელებს შორის კონკურენციას ზრდის“ - რა ფუნქცია აქვს eKalata.gov.ge-ს?

ხაბაშვილი

"გუდვილის" გენერალური დირექტორი და საქართველოს რითეილ ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი ხაბაშვილი აცხადებს, რომ ფასდაკლებული პროდუქტების ვებგვერდი - ekalata.gov.ge-ს ამოქმედება ქსელებს შორის კონკურენციას ზრდის, რაც საბოლოოდ მომხმარებლისთვის უკეთესი ფასის წარდგენის წინაპირობა იქნება.

როგორც ხაბაშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში განმარტა, სისტემაში რეგისტრაციის ვალდებულება რიტეილ სექტორს არ აქვს, თუმცა მოთხოვნა მაღალია.

„არ არსებობს არანაირი სამართლებრივი აქტი, რომელიც ამ პროექტში მონაწილეობას ბიზნესს ავალდებულებს. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ რითეილ სექტორის მხრიდან ინტერესი საკმაოდ მაღალია. პროექტში უკვე ჩაერთო მრავალი სავაჭრო ქსელის წარმომადგენელი, რაც მათ მოტივაციასა და დაინტერესებაზე მიუთითებს.პროექტის მთავარი იდეა ისაა, რომ მომხმარებელს სპეციალურ ვებგვერდზე შეუძლია ნახოს სხვადასხვა პროდუქტი და მარტივად შეადაროს, თუ რომელ ქსელშია კონკრეტული პროდუქტი ყველაზე დაბალ ფასად წარმოდგენილი.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა ის რომ მომხმარებელს შეუძლია 13 სასაქონლო ჯგუფიდან სასურველი პროდუქტები შეარჩიოს და საკუთარი კალათა შექმნას. სისტემა ავტომატურად აჩვენებს, თუ რომელ ქსელში გამოუვა ყველაზე იაფი შესყიდვა მთლიანად ან კონკრეტული პროდუქტების მიხედვით.

ამ ეტაპზე პლატფორმაზე 200-ზე მეტი შეთავაზებაა განთავსებული. მცირე დროის მიუხედავად დაკვირვება აჩვენებს, რომ სავაჭრო ქსელები მუდმივად ცდილობენ უფრო მეტი და უკეთესი შეთავაზების დამატებას. ამასთანავე, ისინი აკვირდებიან კონკურენტების ფასებსა და აქციებს, რაც კონკურენციის გაძლიერებას უწყობს ხელს. საბოლოოდ, ამ პროცესის მთავარი ბენეფიციარი მომხმარებელია.“ - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში ხაბაშვილმა.

რეალური ფასდაკლებების ნაცვლად ხომ არ იქმნება ფასების გათანაბრების რისკი? - ამ კითხვაზე საპასუხოდ ხაბაშვილი აცხადებს, რომ თითოეული კომპანია საკუთარი ბაზრის წილის გაზრდას ცდილობს და კონკურენტული უპირატესობის დაკარგვა არც ერთი რითეილერის ინტერესში არ შედის.

„ფასების გათანაბრების საფრთხე პრაქტიკულად არ არსებობს. თითოეულ ქსელს საკუთარი ბიზნესპოლიტიკა აქვს და ყველა მათგანი ბაზრის უფრო დიდი წილის მოპოვებას ცდილობს. შესაბამისად, თუ რომელიმე ქსელი კონკურენტის მაღალ ფასს უბრალოდ გაიმეორებს, ის საკუთარ კონკურენტულ უპირატესობას თავადვე დაკარგავს, რასაც არცერთი ბიზნესი შეგნებულად არ გააკეთებს.

პლატფორმა დამატებით მოტივაციას ქმნის ქსელებისთვის, რათა მუდმივად აკონტროლონ საკუთარი კონკურენტუნარიანობა და მომხმარებელს უფრო მიმზიდველი პირობები შესთავაზონ.

პროექტის მთავარი სარგებელი რამდენიმე მიმართულებით გამოიხატება: მომხმარებელი ერთიან სისტემაში ხედავს, სად შეუძლია საუკეთესო შეთავაზებით ისარგებლოს. თუ ერთი ქსელის ფასი მაღალია, მომხმარებელი მარტივად იპოვის უკეთეს ალტერნატივას.

ასევე პლატფორმა დამატებით სტიმულს აძლევს ქსელებს, რომ ერთმანეთს უფრო აქტიურად გაუწიონ კონკურენცია და მომხმარებელს უკეთესი ფასები შესთავაზონ.

რითეილ სექტორში კონკურენცია ყოველთვის მაღალი იყო, თუმცა ამ პროექტმა ეს პროცესი უფრო გამჭვირვალე და თვალსაჩინო გახადა. ბიზნესი მსგავს ქმედებებს შესაძლებლობის ფარგლებში ყოველთვის ახორციელებდა, თუმცა ასეთი ფორმით მათი თავმოყრა და მომხმარებლისთვის მარტივად ხელმისაწვდომი გახდომა მნიშვნელოვანი დამატებითი სარგებელია.“ - მიიჩნევს გიორგი ხაბაშვილი.

ინფორმაციისთვის, ფასდაკლებული პროდუქტების ვებგვერდი - ekalata.gov.ge ამოქმედდა. ელექტრონული კალათა მომხმარებლებს სხვადასხვა ქსელში საბაზისო პროდუქტებზე არსებულ საუკეთესო შეთავაზებებსა და ფასებს ერთ სივრცეში გააცნობს.

პროექტის მიზანია საქართველოს მოქალაქეებისთვის ერთიანი ციფრული სივრცის შექმნა, რათა მათთვის მარტივად ხელმისაწვდომი გახდეს ინფორმაცია ფასდაკლებული პირველადი მოხმარების პროდუქტების შესახებ.

ვებგვერდზე განთავსებული იქნება საოჯახო კალათაში შემავალ 13 საბაზისო სასურსათო ჯგუფზე - 12 უმსხვილეს ქსელში წარმოდგენილი საუკეთესო ფასები. მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, შეადარონ პროდუქტის ღირებულებები და საუკეთესო შეთავაზებების შესახებ მიიღონ ინფორმაცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები