ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო მოქმედებები ბათუმის ტურიზმის სექტორზე ამ ეტაპზე გადამწყვეტ გავლენას არ ახდენს. ამის შესახებ „საქმიანი დილის“ ეთერში ტურიზმისა & უძრავის ქონების ექსპერტმა თემურ დიასამიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ისრაელიდან და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ჯავშნები უქმდება, თუმცა ნაკლებად დატვირთული სეზონის გათვალისწინებით, ეს ამ ეტაპზე შემოსავლებში განსაკუთრებული კლების წინაპირობა არ არის.
„ამ ეტაპზე ბათუმი ძალიან გადატვირთული ისედაც არ არის. თუმცა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებმა მოკლევადიანი გავლენა უკვე მოახდინა ტურიზმზე, ბევრ სასტუმროსა და აპარტოტელში ჯავშნები გაუქმდა. განსაკუთრებით ეს ეხება ისრაელიდან და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ჩამოსულ ტურისტებს, რომლებიც ბათუმისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბაზარი იყო.
გასული წლების მიხედვით, ისრაელი დაახლოებით 12–13%-ს შეადგენდა ტურიზმის შემოსავლებში, ხოლო GCC ქვეყნები 7–8%-ს. საერთო ჯამში ეს ბაზრები დაახლოებით 22-25%-ს იკავებდა, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი წილია.
ჯერ არ ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდება სამხედრო მოქმედებები და რა გავლენა ექნება ამას ავიამიმოსვლაზე, ინფლაციაზე და ზოგადად ეკონომიკურ სტაბილურობაზე. ასეთ არასტაბილურ პერიოდში ადამიანები ხშირად მოგზაურობისა და ინვესტირების გადაწყვეტილებებს ავადებენ.
ვფიქრობ, სახელმწიფო უნდა დაეხმაროს სექტორს და ბიზნესისთვის მუშაობა უფრო მარტივი გახადოს, მაგალითად, დროებითი საგადასახადო შეღავათებით. ასევე საჭიროა ახალი ტურისტული ბაზრების აქტიურად მოძიება.
ამ დროისთვის ისევ ტრადიციულ ბაზრებზე ვართ დამოკიდებული განსაკუთრებით ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებზე, როგორიცაა ყაზახეთი და უზბეკეთი. შესაძლებელია, რომ შიდა ტურიზმზე კონცენტრაციამ სექტორს გარკვეულწილად გადარჩენის შესაძლებლობა მისცეს, თუმცა შემოსავლები მაინც შემცირდება,“ - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში ტურიზმისა & უძრავის ქონების ექსპერტმა თემურ დიასამიძემ.




























