სადაზღვევო კომპანიების და მათ მიერ აშენებული კლინიკების გამიჯვნის პროცესი გააჯანსაღებდა ბაზარს, – ამის შესახებ ერთი წლის წინ და დღესაც დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა განაცხადა.
როგორც მან გადაცემა „საქმის კურსში“ აღნიშნა, თავის დროზე არასწორად იქნა ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული, – „არასწორად იყო, როდესაც კლინიკების აშენება ასე მიება სადაზღვევო კომპანიებს, დაავალდებულეს დირექტიულად წინა ხელისუფლების დროს... რეალურად ეს ასე არ უნდა ხდებოდეს, ეს სხვადასხვა ბიზნესია და თავისთავად გარკვეული ინტერესთა კონფლიქტი არის ამაში“, – განაცხადა ონოფრიშვილმა.
მისივე თქმით, ინიციატივა რომ ეს ორი ბიზნესი ერთმანეთისგან გამოიყოს, ჯერ არ დამდგარა.
„როგორ გაგრძელდება ეს საქმიანობა ეს მარტო [ჩვენი] სამსახურის გადასაწყვეტი არ არის.. ზოგადად, ჩვენ ჩვენს აზრს ყოველთვის დავაფიქსირებთ“, – დასძინა მან.
მისივე თქმით, მას სადაზღვევო სექტორთან აქვს მუდმივი კომუნიკაცია და ეს საკითხიც განუხილავთ ერთად.
„რა თქმა უნდა, ერთი აზრი არც მათ შორისაა, აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ ვნახოთ, მომავალი გვიჩვენებს რა გზით განვითარდება მოვლენები. დღეს ამ მხრივ არანაირი გადაწყვეტილება არ მიღებულა“, – განაცხადა დავით ონოფრიშვილმა „საქმის კურსში“.