სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, რომელსაც დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. როგორც მისმა ადვოკატმა განაჩენი გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებთან თქვა, სასამართლოს გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და უკანონო.
"კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ დაცვის მხარეს და ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი ჰქონდა იქიდან გამომდინარე, რომ საქმეში არ არსებობდა არცერთი მტკიცებულება, რომელიც მის ბრალეულობას დაამტკიცებდა. ის არის უდანაშაულო. ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებას აუცილებლად შეეცდება სამართლებრივი გზით და აღნიშნული დაუსაბუთებელი, უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციო წესით", - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატმა ლანა ცერცვაძემ.
ლილუაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი ბრალად წარდგენილ ოთხივე ეპიზოდზე: ბაგა-ბაღების სააგენტოს, თაღლითური „ქოლ ცენტრებისა“ და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის რომეო მიქაუტაძის დახმარებით ქრთამის აღების ეპიზოდზე.
პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სუს-ის ყოფილი უფროსი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და როგორც მისი ადვოკატი ამბობს, სამართლიანი სასამართლოს პირობებში გამამართლებელი განაჩენი უნდა დადგეს.























