პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით დღეს “ტვ პირველის“ ეთერში სიუჟეტი გავიდა. სიუჟეტში „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი, თამაზ გაიაშვილი ადასტურებს, რომ მთავრობის მეთაური აშშ-ში საქართველოს მთავრობის კუთვნილი თვითმფრინავით წავიდა.
„თვითმფრინავი მათია, სადაც უნდათ, იქ წავლენ. პრემიერ-მინისტრია, თქვენ რომელიმე ქარხნის მუშა ხომ არ გგონიათ?! თვითმფრინავი მხოლოდ ოფიციალურ ვიზიტებზე არ გამოიყენება, ყველგან გამოიყენება, სადაც მთავრობა საჭიროდ ჩათვლის“, - განაცხადა მან.
კითხვაზე, ვინ შეუკვეთა „ჯორჯიან ეარვეისს“ პრემიერის ამ ვიზიტის განხორციელება? მან უპასუხა, რომ ყოველთვის ანზორ ჩუბინიძის უწყება უკვეთს, ანუ საუბარია საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსზე.
რაც შეეხება ვიზიტის განხორციელების ხარჯებს, გაიაშვილი ამბობს, რომ ამაზე ინფორმაცია არ აქვს.
„არ ვიცი, ფულს მთავრობა იხდის. რამდენს იხდის მათ შეეკითხეთ. ფრენის ოპერატიულ ხარჯებს სპეცდაცვა იხდის“, - თქვა „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელმა და დასძინა, რომ პრემიერ-მინისტრი მიუნხენში პირადი საქმისთვის წავიდა თუ სამსახურებრივი არ იცის.
"ტვ პირველის" ინფორმაციით, თვითმფრინავი მიუნხენში ირაკლი ღარიბაშვილს ერთი კვირა მიუნხენის აეროპორტში ელოდა, ვიდრე ის ამერიკაში იყო, რომ უკან წამოეყვანა.
სად იყვნენ ამ დროს ეკიპაჟის წევრები, მფრინავები და ბორტგამყოლები? - ამ კითხვაზე ჟურნალისტს თამაზ გაიაშვილმა უპასუხა, რომ ისინი უკან დაბრუნდნენ და შემდეგ ისევ ჩავიდნენ პრემიერის წამოსაყვანად.
შეგახსენებთ: საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ დღეს განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტი კომერციული იყო და შესაბამისად, ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა. „ჩვენი თვითმფრინავი იმყოფება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბალანსზე. ამ სააგენტოს აქვს სრული უფლება, მიიღოს როგორც სამთავრობო და საბიუჯეტო სტრუქტურებიდან, ასევე არასამთავრობო, კომერციული და კერძო პირებისგან სხვადასხვა სახითა და ფორმით შემოსავლები. ეს ვიზიტი იყო კომერციული ხასიათის, რომელიც თავიდანვე დავალებაში იყო მოცემული და, რა თქმა უნდა, ანაზღაურება მოხდებოდა არასაბიუჯეტო ორგანიზაციიდან ან კერძო პირის მიერ", - უთხრა მან "imedinews"-ს.
მიმდინარე კვირაში მთავრობის სტრატკომი ირწმუნებოდა, რომ მიზანმიმართულად ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი შვილთან ერთად აშშ-ში, თითქოსდა ჩარტერული რეისით გაემგზავრა. მათივე მტკიცებით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის ერთ-ერთ ქალაქში ჩაფრინდა ჩარტერული რეისით, ხოლო იქიდან აშშ-ში რეგულარული რეისით გაემგზავრა.