მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეს წერილი სავსე იყო ტყუილებით“ - კელი დეგნანი ყაველაშვილის წერილზე

62c8680314641
თამთა ჯიჯავაძე
08.07.22 21:19
1948
აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის წერილს ეხმაურება. როგორც ამერიკელი დიპლომატი აცხადებს, ყაველაშვილის წერილი სავსე იყო ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით.

დეგნანი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ამერიკას საქართველოს ომში ჩათრევა არ სურს.

„ეს წერილი სავსე იყო ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით, სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ვერ წავიკითხე. ავტორი ალბათ, ვერ ხედავს, რომ აშშ მუშაობს და მხარს უჭერს არა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, არამედ საქართველოს ხალხს, ჩვენ აქ ვართ დამოუკიდებელი ინსტიტუტების მხარდაჭერისთვის, რომელიც დაფუძნებულია თქვენი კონსტიტუციით, როგორიცაა სახალხო დამცველის ოფისი. ეს ინსტიტუტი არსებობს და აქვს კონსტიტუციური მანდატი, რომ დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქე. ძალიან საშიშია დემოკრატიისთვის, როცა კონსტიტუციური ინსტიტუტების ძირის გამოთხრა და შესუსტება ხდება…

კიდევ ერთხელ, გარკვევით ვაცხადებ. აშშ-ს არ სურს საქართველოს ომში ჩათრევა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ომი შეჩერდეს“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ის, რაზეც ყაველაშვილი საუბრობს, "ქართული ოცნების" პარტიის წევრების ნარატივის გამოძახილია.

ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილმა, რომელმაც დიმიტრი ხუნდაძესთან და სოზარ სუბართან ერთად ცოტა ხნის წინ საპარლამენტო უმრავლესობა და მმართველი პარტია "ქართული ოცნება" დატოვა, აშშ-ს ელჩს ღია წერილით დღეს მიმართა.

წერილში ყაველაშვილი დიპლომატს ამერიკის იმიჯის დასაცავად, ნაციონალური მოძრაობის ხელით საჯაროდ განხორციელებულ პროვოკაციებთან გამიჯვნას ურჩევს.

„ქალბატონო ელჩო, ამერიკის იმიჯის დასაცავად, კარგი იქნებოდა, ნაციონალური მოძრაობის ხელით საჯაროდ განხორციელებულ ამ პროვოკაციებს თქვენ საჯაროდ გამიჯვნოდით. თუმცა, სამწუხაროდ, ამ თემაზე არცერთი თქვენი გამოსვლა არ მახსენდება. მეტიც, სანქციებზე მიერთების მოთხოვნას საჯაროდაც კი დაუჭირეთ მხარი.

გარდა ამისა, მოგვიანებით, უკრაინაში თქვენმა მთავარმა საყრდენმა, ვლადიმირ ზელენსკიმ სწორედ სანქციებთან არმიერთებისა და თვითმფრინავის არგაშვების გამო გაიწვია უკრაინის ელჩი საქართველოდან. გათვლა მარტივი იყო: მაშინ პოპულარობის ზენიტში მყოფი ზელენსკის მიერ ელჩის გაწვევას ქართულ საზოგადოებაში მღელვარება და რევოლუციური მუხტის შექმნა უნდა გამოეწვია. თუმცა, აღშფოთება მხოლოდ 2-3 საათს გაგრძელდა და გეგმა ჩავარდა. სამწუხაროა, რომ თქვენ არც "პროამერიკელი" ზელენსკის ამ ყოვლად გაუგებარ გადაწყვეტილებას გაემიჯნეთ, რომელიც, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, ომში საქართველოს არჩართვით გამოწვეული უკმაყოფილების გამოხატულება იყო“, - წერს ყაველაშვილი წერილში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები