მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ესაა წამება სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ" - რობერტ ამსტერდამი გიორგი ბაჩიაშვილის ცემის ფაქტზე

გიორგი ბაჩიაშვილი

გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი, რობერტ ამსტერდამი 11 ივლისს, საპატიმრო დაწესებულებაში გიორგი ბაჩიაშვილის ცემის ფაქტს წამებას უწოდებს და აცხადებს, რომ აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციებს მიაწვდიან. ამსტერდამი აცხადებს, რომ სახელმწიფო ამ დანაშაულის დამალვას და მიჩქმალვას ცდილობდა, იქამდე სანამ ბაჩიაშვილმა შიმშილობა არ გამოაცხადა, რის შემდეგაც მას სახალხო დამცველის წარმომადგენელი შეხვდა.

"ციხეში სასტიკად სცემეს ქართველ პოლიტპატიმარ გიორგი ბაჩიაშვილს. მიუხედავად იმისა, რომ იგი სამარტოო საკანში, ვიდეომეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, 2025 წლის 11 ივლისის საღამოს, ციხის ადმინისტრაციამ ბაჩიაშვილის საკანში უცნობი კაცი შეუშვა. მან სასტიკად სცემა ბაჩიაშვილს, რომელმაც გონება დაკარგა მას შემდეგ, რაც მან ისე ძლიერად უკბინა, რომ სისხლი წამოუვიდა. ცემის დროს დაცვის თანამშრომელმა კარი გააღო, მაგრამ თავდამსხმელის ბრძანებით ისევ დახურა. ბაჩიაშვილს სერიოზული დაზიანებები აღენიშნებოდა, მათ შორის თავის ჭრილობა, რომელიც ნაკერების დასმის საჭიროებას წარმოადგენდა, სახის ტრავმა, ჭრილობები და ნევროლოგიური აშლილობა.

ბაჩიაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, მაგრამ ადვოკატებთან და ოჯახთან დაკავშირებაზე უარი უთხრეს. იგი გააფრთხილეს, რომ იურიდიულ ჯგუფთან მისი დაკავშირება სამკურნალო მომსახურების შეწყვეტას გამოიწვევდა. სანამ შიმშილობას არ გამოაცხადა და სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე არ მოხვდა, მასთან კონტაქტი 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა.

ეს იყო მკაფიო წამება, რომელიც სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ განხორციელდა. საქართველოს ხელისუფლება თანამონაწილეა და ჩვენ ამ მძიმე ინციდენტს საერთაშორისო ორგანოებს ვაცნობებთ,"- აცხადებს რობერტ ამსტერდამი.

14 ივლისს, პატიმრობაში მყოფი გიორგი ბაჩიაშვილის ცემაზე ინფორმაცია გავრცელდა. წერილი გაავრცელა თავად ბაჩიაშვილმაც, სადაც წერდა, რომ 11 ივლისს ციხეში თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს. "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ 11 ივლისს ის საპატიმროდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, თუმცა იმავე ღამეს დააბრუნეს დაწესებულებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები