მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ესკი“ ონლაინ გაყიდვების გააქტიურებას გეგმავს

ესკი

სოციალური კონცეფციის მაღაზია „ესკი“ ონლაინ გაყიდვების მიმართულების გააქტიურებას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-სთან სოციალურ საწარმოთა ალიანსის კომუნიკაციების მენეჯერმა, მარიამ დევრისაშვილმა განაცხადა.

„ესკი“ ბაზარზე 2022 წლის სექტემბერში გამოჩნდა და პირველი სივრცეა, რომელმაც საქართველოში მოქმედი სოციალური საწარმოების პროდუქცია ერთ სივრცეში გააერთიანა. ფუნქციონირების პერიოდში კი, უკვე 2000-ზე მეტ ინდივიდუალურ მომხმარებელს უმასპინძლა. ,,ესკიში“ საქართველოში მოქმედი 25 სოციალური საწარმოს 350-ზე მეტი დასახელების ხელნაკეთი ნივთია თავმოყრილი.

როგორც ალიანსის კომუნიკაციების მენეჯერი აცხადებს, მიმდინარე წელს ელექტრონული კომერციის მიმართულებით განვითარება და ონლაინ მაღაზიის შექმნა იგეგმება.

მისი ინფორმაციით, საიტზე მუშაობა სწორედ ახლა მიმდინარეობს და სულ მალე საწარმოებში დამზადებული პროდუქციის არჩევა და ყიდვა მომხმარებლებს ონლაინ შეეძლებათ.

„20 კვადრატულ მეტრში ,,ესკიმ“ 350-ზე მეტი ნივთის თაროებზე გადანაწილება იმგვარად მოახერხა, რომ აქ მომხმარებლები 5 ლარამდეც პოულობენ საინტერესო ნივთებს. გვაქვს ძვირად ღირებული პროდუქციაც, და ფასები 1.5 ლარიდან 250 ლარამდე მერყეობს.

,,ესკიმ“ გახსნის დღიდან მრავალფეროვანი, ხელნაკეთი ნივთებით მალევე მოიგო მომხმარებლების გული, განსაკუთრებით კი ტურისტების, რომლებიც, ერთი მხრივ, ეძებენ საქართველოსთვის დამახასიათებელ ნივთებსა და, მეორე მხრივ, აფასებენ სოციალურად პასუხისმგებლიან ტურიზმს.

გასულ წელს ,,ესკიმ“ 2000-ზე მეტ ინდივიდუალურ მომხმარებელს უმასპინძლა და აამაღლა ცნობიერება როგორც სოციალური მეწარმეობის კონცეფციის, ისე ქართული სოციალური საწარმოების შესახებ. მომხმარებელთა 55% ქვეყნის საერთაშორისო სტუმრები არიან, ხოლო 45% - ქართველი მომხმარებლები. ამასთან, მხოლოდ „ესკის“ გაყიდვების არხით 85.000+ ₾ დაგენერირდა სოციალური საწარმოებისთვის,“-აცხადებს დევრისაშვილი.

აღსანიშნავია, რომ სოციალური საწარმოების პროდუქციის მაღაზია/საგამოფენო სივრცე გახსნა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ,,სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ფარგლებში განხორციელდა. ჯამში, 10.000 ევროს ინვესტიცია განხორციელდა, რომლითაც ორგანიზაციამ კეთილმოაწყო კონცეპტუალური მაღაზია/შოურუმის სივრცე და ასევე შეხვედრების ოთახიც, სადაც პერიოდულად სხვადასხვა საინტერესო აქტივობა ეწყობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები