სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორში“ (ესკო) სამორიგეო ავტომობილების მართვა კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში არ მიმდინარეობდა.
ესკო, როგორც 100%-იანი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმო, ვალდებულია ავტოპარკის მართვისას ხელმძღვანელობდეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რომელიც არეგულირებს სახელმწიფო ავტოპარკის განაწილებისა და სამსახურებრივი ავტომობილების გამოყენების წესებს.
აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2022-2023 წლებში კომპანიას 6 სატრანსპორტო საშუალება ერიცხებოდა, მათ შორის: 1 – განპიროვნებული, 1 – სპეციალიზებული და 4 – სამორიგეო ავტომობილი. თუმცა, სამორიგეო მანქანების გამოყოფა კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე არ ხდებოდა, რის გამოც ვერ დადგინდა, გამოიყენებოდა თუ არა ისინი მხოლოდ სამსახურებრივი საჭიროებისთვის.
ანგარიშის მიხედვით, სამორიგეო ავტომობილებზე სულ 67,455 ლარი დაიხარჯა, რაც 20,200 ლიტრ საწვავის მოხმარებას შეესაბამება.
დოკუმენტში ასევე ფიქსირდება დარღვევები:
- დასვენებისა და უქმე დღეებში საწვავის ჩასხმა – 2022 წელს 9,818 ლარის, ხოლო 2023 წელს – 6,871 ლარის ოდენობით;
- განპიროვნებული ავტომობილების გამოყენება თანამშრომლების შვებულებისა და მივლინების დროს, დოკუმენტური დასაბუთების გარეშე.

აუდიტორების შეფასებით, მსგავსი პრაქტიკა ზრდის სამსახურებრივი ავტომობილების პირადი მიზნებით გამოყენებისა და არამართლზომიერი ხარჯების რისკს.
„ტრანსპორტის ხარჯების არამართლზომიერად გაწევის რისკების შესამცირებლად მიზანშეწონილია, თანამშრომელთა შვებულებისა და მივლინების პერიოდში განპიროვნებული ავტომობილის დროებით სარგებლობა სხვა თანამშრომლის მიერ დოკუმენტურად დასაბუთდეს,“ – ნათქვამია აუდიტის რეკომენდაციაში.




























