მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ესპანეთი ირანის ომში ჩართული აშშ-ის თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცეს კეტავს

ისრაელური ავიამგანადგურებელი

ესპანეთის ვიცე-პრემიერმა, კარლოს კუერპომ დაადასტურა, რომ მადრიდმა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში მონაწილე ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავებს ქვეყნის საჰაერო სივრცის გამოყენება აუკრძალა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ესპანეთის მთავრობის იმ სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ვაშინგტონის მიერ ირანის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობაზე ან მათ ხელშეწყობაზე უარის თქმას გულისხმობს.

კუერპოს განმარტებით, აკრძალვა სრულ შესაბამისობაშია მადრიდის ადრეულ გადაწყვეტილებასთან, რომლის მიხედვითაც, აშშ-სა და ისრაელის ძალებს ესპანეთის ტერიტორიაზე არსებული ერთობლივი სამხედრო ბაზების გამოყენება საბრძოლო მოქმედებებისთვის შეეზღუდათ.

მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათი ეს პოზიცია ამერიკულ მხარეს კონფლიქტის დაწყებისთანავე მკაფიოდ ეცნობა. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთი აშშ-ს ლოგისტიკურ მხარდაჭერას კვლავ გაუწევს და საგანგებო სიტუაციების დროს საჰაერო სივრცეში დაშვების უფლებას მისცემს, საბრძოლო მისიებისთვის ქვეყნის ტერიტორიის პირდაპირი გამოყენება აიკრძალება.

საყურადღებოა, რომ აღნიშნულმა შეზღუდვამ შესაძლოა გავლენა იქონიოს B-2 Spirit-ის ტიპის ბომბდამშენების გადაფრენებზე, რომლებიც ტრანსატლანტიკურ რეისებს მისურის შტატიდან ირანის მიმართულებით ხშირად სწორედ ესპანეთის გავლით ასრულებენ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის მთავრობა ირანში მიმდინარე ომს ცალმხრივად დაწყებულ და საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგო ქმედებად მიიჩნევს. სანჩესის კაბინეტი ევროპაში ვაშინგტონის სამხედრო კამპანიის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კრიტიკოსია. ამან ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები ბოლო პერიოდში უკიდურესად დაძაბა. პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის მკაცრმა პოზიციამ ვაშინგტონის ისეთი უკმაყოფილება გამოიწვია, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ესპანეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტითაც კი დაიმუქრა. აშშ-ის პრეზიდენტმა ესპანეთის მთავრობას "არამეგობრულიც” უწოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები