ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ირანმა ერთთვიანი პაუზის შემდეგ პირდაპირი სამხედრო დარტყმები განაახლეს.
არსებული ინფორმაციით, ამერიკულმა ძალებმა ლარაკის კუნძულზე განთავსებული სარაკეტო გამშვები პუნქტები დაბომბეს, რასაც თეირანის მხრიდან იორდანიაში მდებარე ორ ამერიკულ სამხედრო ბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით თავდასხმა მოჰყვა.
Reuters-ის ცნობით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა იორდანიაში განლაგებული „მეფე ჰუსეინისა“ და „ალ-აზრაკის“ ბაზების ტექნიკური ინფრასტრუქტურის განადგურება სცადა.
რაც შეეხება თავად იერიშების განახლების წინაპირობას, როგორც ვაშინგონი განმარტავს, ამერიკულმა მხარემ დარტყმები ჰორმუზის სრუტეში საზღვაო ნაღმების განთავსებისთვის გამიზნული რაკეტების განეიტრალების მიზნით განახორციელა. CENTCOM-ის წარმომადგენლის, ტიმ ჰოკინსის თქმით, ვაშინგტონმა სრუტის საერთაშორისო სავაჭრო მარშრუტები უკვე გაწმინდა და რეგიონში ნავიგაციის უსაფრთხოებას მკაცრად აკონტროლებს.
დარტყმების განახლების ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეირანის მთავარი ნავთობსაექსპორტო ცენტრის, ხარგის კუნძულის დაბომბვით დაიმუქრა. მან სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი ვიდეოც გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორც ფეთქდება სტრატეგიული ობიექტი. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს რიტორიკა დაგმო და შესაძლო ესკალაციაზე სრული პასუხისმგებლობა ვაშინგტონს დააკისრა. ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა ყირგიზეთში, ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდისთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ თეირანი დიპლომატიური შეთანხმების მიღწევას ცდილობს, თუმცა ამერიკული მხარე ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს.
დაპირისპირებას გამოეხმაურა აშშ-ის ხაზინის მდივანი სკოტ ბესენტიც, რომელმაც ირანის წინააღმდეგ ყოველკვირეული მეორადი სანქციების ამოქმედება დააანონსა. ბესენტის განმარტებით, ახალი ინიციატივა Operation Economic Outcast (ოპერაცია "ეკონომიკური გარიყვა") მიზნად ირანთან დაკავშირებული ფინანსური ინსტიტუტების დოლარის გლობალური სისტემიდან სრულ იზოლაციას ისახავს. ხაზინის ხელმძღვანელმა G20-ის წევრებს თეირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ამერიკული საზღვაო ბლოკადის შედეგად ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდება უკვე მკვეთრად შემცირდა.
ცნობისთვის, ორ ქვეყანას შორის სამხედრო დაპირისპირება უკვე ექვსი თვეა გრძელდება. ლარაკის კუნძულზე განხორციელებული იერიში ივლისის შემდეგ ირანის ტერიტორიაზე აშშ-ის მიერ მიტანილ პირველ ოფიციალურ დარტყმას ნიშნავს.




























