2023 წლის ქალთა შორის ფეხბურთელების მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის შემდეგ დიდი სკანდალი დატრიალდა, როცა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა ლუის რუბიალესმა ნაკრების მოთამაშე ჯენიფერ ერმოსოს აკოცა, რის გამოც რუბიალესი ფიფამ საფეხბურთო საქმიანობას სამი წლით ჩამოაშორა, თუმცა ახლა ირკვევა, რომ სასჯელი შესაძლოა კიდევ უფრო მძიმე აღმოჩნდეს.
მადრიდის სასამართლომ ერმოსოს საქმე მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი განხილვა უახლოეს პერიოდში დაიწყება. ბრალმდებელი მხარე რუბიალესისთვის 2,5-წლიანი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ქალთა ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელ ხორხე ვილდასთვის, ფეხბურთის ფედერაციის მარკეტინგის ექს-დირექტორ რუბენ რივერასთვის და ვაჟთა ნაკრების ყოფილ დირექტორ ალბერტ ლუკესთვის კი, სასჯელის სახით 1,5-წლიანი პატიმრობა განიხილება.
გარდა ფეხბურთელის სექსუალური შევიწროებისა, ლუისს კიდევ რამდენიმე მუხლით გასამართლება ემუქრება - მას კორუფციაში, ფულის გათეთრებასა და კრიმინალური ორგანიზაციის წევრობაში ადანაშაულებენ.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი მადრიდის აეროპორტში აპრილის დასაწყისში დააკავეს. ის ბოლო პერიოდი დომინიკის რესპუბლიკაში ცხოვრობდა და სამშობლოში სასჯელის თავიდან არიდების მიზნით, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღებასაც გეგმავდა, რის შემდეგაც მისი ექსტრადირება საბოლოოდ გამოირიცხებოდა.