მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ესპანეთის მთავრობა გასაყიდ უძრავ ქონებაზე 100%-იან ტარიფს დააწესებს

მადრიდი

დასავლეთ ევროპაში მდებარე ესპანეთი, რომელიც განსაკუთრებული პეიზაჟებით, ჰავით, ისტორიით და კულტურითაა დაჯილდოებული, წლების განმავლობაში უცხოელების ერთ-ერთ უსაყვარლეს დანიშნულებად იქცა. გასულ წელს, ესპანეთში 94 მილიონმა ტურისტმა იმოგზაურა, რამაც ქვეყანას 126 მილიარდი ევროს შემოსავალი მოუტანა. თუმცა დასვენების მოყვარულების გარდა, ესპანეთით უძრავი ქონების ინვესტორებიც ინტერესდებიან, რადგან, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ეს სექტორი წლიურად საშუალოდ 8%-მდე ამონაგებს აბრუნებს, ხოლო კვადრატული მეტრის გასაყიდი და გასაქირავებელი ფასი წლიდან წლამდე იზრდება.

როგორც ჩანს, უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ მდგომარეობას ესპანეთის მთავრობაში განსხვავებულად ხედავენ და ევროკავშირის მიღმა არსებული ქვეყნების მოქალაქეების მიერ ესპანეთში სახლების და ბინების შეძენას რისკად აფასებენ. როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოების მოქალაქეებმა გასულ წელს ქვეყანაში 27,000 უძრავი ქონება შეიძინეს, რომელთა უმეტესობა განკუთვნილია არა საცხოვრებლად, არამედ გასაქირავებლად, რაც, მისი თქმით, ადგილობრივებს ცხოვრებას უძვირებს და დისკომფორტს უქმნის. პედრო სანჩესი ამბობს, რომ ამ პოლიტიკამ საზოგადოება ორ ნაწილად — მდიდარ მეიჯარეებად და ღარიბ მდგმურებად დაყო.

აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოების მოქალაქეებისთვის შემზღუდველი ზომების შემოღებას გეგმავს. მთავრობის ინიციატივით შედგენილი საკანონმდებლო ბაზა ითვალისწინებს, როგორც ინვესტიციების მოზიდვისთვის განკუთვნილი ე.წ. “ოქროს ვიზების” პროგრამის გაუქმებას, ასევე უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში დამატებითი 100%-მდე მოცულობის გადასახადის შემოღებას. თუკი ესპანეთის მთავრობამ 100%-იანი ტარიფი მართლაც დააწესა, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების ფასი, სულ მცირე, გაორმაგდება.

კონკრეტულად რა საკანონმდებლო ინიციატივების შემოღებას გეგმავს პედრო სანჩესის გუნდი, ამ დროისთვის, უცნობია, მაგრამ როგორც პრემიერ-მინისტრი ამბობს, ესპანეთი კანადის და დანიის გადაწყვეტილებებით ხელმძღვანელობს. პარალელურად ამისა, ესპანეთის რამდენიმე ქალაქის ხელისუფლებამ უძრავი ქონების მოკლე ვადით გაქირავების აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო, რაც რამდენიმე წლის შემდეგ ამოქმედდება და რეალურად, Airbnb-ის და მსგავსი პლატფორმების ოპერირებას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. თავად ამ გადაწყვეტილებამ კი, შესაძლოა, ბაზარზე კონკურენცია შეამციროს, რაც, სავარაუდოდ, ფასებს გაზრდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები