ესპანეთში სუპერმარკეტების რამდენიმე ქსელი ზეთის ბოთლებს დახლზე ჯაჭვით კეტავს, ან მათზე დამცავ მაგნიტურ სტიკერს ამაგრებს, ვინაიდან ზეთზე ფასები მკვეთრად გაიზარდა და იმატა ქურდობამაც, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ზოგიერთ სუპერმარკეტში ზეითუნის ზეთის ფასი 14,5 ევროს ($15.77) აღწევს, რაც ისეთი პროდუქტების ფასებს უტოლდება, როგორიც არის ალკოჰოლური სასმელი, კოსმეტიკა ან საყოფაცხოვრებო ტექნიკა.
"ჩვენ მაღაზიებში ქურდობის მნიშვნელოვან ზრდას ვხედავთ, მათთვის ზეითუნის ზეთი ქურდობის იდეალურ პროდუქტად იქცა”, - თქვა რუბენ ნავარომ, სუპერმარკეტების ქსელი Tu Super-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, რომელიც ესპანეთის ანდალუსიის რეგიონში 30 მაღაზიას მართავს.
მისი თქმით, Tu Super სექტემბრიდან ზეითუნის ზეთის ხუთლიტრიან ბოთლებს თაროებზე ჯაჭვით კეტავს, რაც უკიდურესი ზომაა, თუმცა, ნავაროს თქმით, ამის შემდეგ ქურდობა შემცირდა.
ამასთან, ესპანეთში ზეითუნის ზეთის ქურდობის შემთხვევები ქარხნებშიც დაფიქსირდა, გასულ თვეს პოლიციამ 56 ტონა ზეითუნის ზეთის ქურდობის ფაქტზე ორი ადამიანი დააკავა.
ესპანეთში ზეითუნის ზეთის ფასი ბოლო ორი წლის განმავლობაში 150%-ით, ლიტრზე 8 ევრომდე გაიზარდა, მიზეზი ქვეყანაში ექსტრემალური სიცხეებია, რომელმაც ესპანეთის სამხრეთში ზეთისხილის მოსავალი გაანადგურა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში ქურდობის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების უზრუნველმყოფი ესპანური კომპანია STC-ის შეკვეთები ზეითუნის ზეთის ბოთლების დამცავ მოწყობილობებზე 12-ჯერ გაიზარდა.
ამასთან, NielsenIQ-ის მიხედვით, მიმდინარე წლის სექტემბერში, დეფიციტისა და ფასების გამო, ესპანეთში ზეითუნის ზეთის მოხმარება, 2022 წლის სექტემბერთან შედარებით, 17%-ით შემცირდა.