გასული ზაფხული ესპანეთისთვის რეკორდულად ცხელი იყო მას შემდეგ, რაც ქვეყნის მეტეოროლოგიურმა სააგენტო AEMET-მა 1961 წელს მონაცემთა შეგროვება დაიწყო. Reuters-ის ცნობით, ქვეყანაში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული სიცხის ტალღა ერთ თვეს გაგრძელდა და სამი ათწლეულის განმავლობაში ხანძრების ყველაზე მძიმე სეზონი გამოიწვია.
2025 წლის ზაფხულის ტემპერატურა 2.1 გრადუსით აღემატებოდა 1991-2020 წლების საშუალო ტემპერატურას და 0.1 გრადუსით აღემატებოდა წინა რეკორდული წლის, 2022 წლის მაჩვენებელს.
როგორც AEMET-ის წარმომადგენელმა, რუბენ დელ კამპომ Reuters-თან ინტერვიუში აღნიშნა, ესპანეთში 10 ყველაზე ცხელი ზაფხულიდან ცხრა 21-ე საუკუნეში დაფიქსირდა. მისივე თქმით, 2022 და 2025 წლების ზაფხული მხოლოდ წინასწარი “თრეილერია” იმისა, თუ რა შეიძლება საუკუნის შუა წლებში მოხდეს. დელ კამპოს თქმით, ესპანეთმა ზაფხულის ყოველი სამი დღიდან ერთი სიცხის ტალღაში გაატარა.
მეტეოროლოგიური სააგენტოს წარმომადგენელი მედიასთან აღნიშნავს, რომ ესპანეთს ცხელ ზაფხულთან ადაპტაცია და ამავდროულად, სათბურის აირების გამოყოფის შემცირებით, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის გლობალურ ძალისხმევაში თავისი წვლილის შეტანა მოუწევს.
ზაფხულში ესპანეთში სიცხის სამი ტალღა ჯამურად 36 დღეს გაგრძელდა. აგვისტოში ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ტემპერატურამ 45 გრადუსს მიაღწია.
გლობალური დათბობის დაჩქარების გამო, მსოფლიოს ქვეყნები ბოლო წლებში რეკორდულ სიცხეს აფიქსირებენ. 2024 წლის ზაფხული პლანეტის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ყველაზე თბილი იყო, ხოლო 2025 წლის ზაფხული ყველაზე ცხელი იყო დიდ ბრიტანეთში 1884 წლიდან, როდესაც მონაცემთა წარმოება დაიწყო.
ძლიერმა სიცხემ ხელი შეუწყო ხანძრების გაჩენას, რასაც ევროკავშირის მასშტაბით რეკორდული, 1.03 მილიონი ჰექტარი ტერიტორიის დაწვა მოჰყვა.




























