მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ესპანეთში 2026 წელს სიცხესთან დაკავშირებული სიკვდილიანობის 5 232 შემთხვევა დაფიქსირდა - რეკორდული მაჩვენებელი 2015 წლის შემდეგ

ესპანეთი

2026 წელს ესპანეთში მაღალი ტემპერატურით გამოწვეული სიკვდილიანობის 5 232 შემთხვევა აღირიცხა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც 2015 წელს ქვეყანაში სიკვდილიანობის ყოველდღიური მონიტორინგის სისტემა "MoMo" ამოქმედდა. 31 აგვისტოს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, აღნიშნული შემთხვევებიდან 2 147 მხოლოდ აგვისტოში დაფიქსირდა.

"MoMo", რომელსაც კარლოს III-ის სახელობის ჯანმრთელობის ინსტიტუტი (ISCIII) მართავს, არ ითვლის იმ შემთხვევებს, სადაც სიცხე გარდაცვალების ინდივიდუალურ მიზეზადაა დადასტურებული. სისტემა სიკვდილიანობის სტატისტიკურ შეფასებას ტემპერატურის ეფექტისა და სიკვდილიანობის საერთო მონაცემების საფუძველზე ადგენს.

2026 წლის მონაცემები უკვე აჭარბებს წინა რეკორდულ წლებს: 2022 (4 789 შემთხვევა) და 2023 წლებს(3 035 შემთხვევა). მიმდინარე სტატისტიკა 15 მაისიდან აითვლება - სწორედ ამ დროს აქტიურდება ყოველწლიურად მაღალი ტემპერატურის ჯანმრთელობაზე ზეგავლენის პრევენციის ეროვნული გეგმა.

ივლისი სიცხესთან დაკავშირებული 2 025 გარდაცვალების შემთხვევით დასრულდა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება 2025 წლის იმავე თვის მაჩვენებელს (1 060 შემთხვევა). ეს იყო დაკვირვების ისტორიაში მეორე ყველაზე სასიკვდილო ივლისი 2022 წლის შემდეგ, როდესაც 2 217 შემთხვევა დაფიქსირდა.

აგვისტოში ამ დროისთვის 2 147 შემთხვევაა აღრიცხული, თუმცა მონაცემები წინასწარია და მათ საბოლოო დადასტურებას დაახლოებით ერთი კვირა სჭირდება. ეს რიცხვი უახლოვდება 2025 წლის აგვისტოს რეკორდს (2 172 შემთხვევა), რომელიც ჯერჯერობით ყველაზე მძიმე აგვისტოდ რჩება, 2015 წლიდან მოყოლებული.

სიცხის გავლენა განსაკუთრებით ხანდაზმულებში იგრძნობა. წელს დაფიქსირებული 5 232 შემთხვევიდან 5 048 ადამიანი 65 წელს ზემოთ ასაკისაა. მთლიანი რაოდენობის 62%-ს (3 256 გარდაცვლილი) 85 წელს გადაცილებული პირები შეადგენენ. გარდა ამისა, დაღუპულთა 60% ქალია.

ეს ციფრები განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურით გამორჩეული ზაფხულის შედეგია. ესპანეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სააგენტოს "AEMET"-ის თანახმად, 2026 წლის ივლისი ისტორიაში ყველაზე ცხელი იყო (2022 წელთან ერთად), ხოლო ივნისმა დაკვირვების ისტორიაში სითბოს მხრივ მეორე ადგილი დაიკავა.

მიუხედავად იმისა, რომ 2015 წლიდან დღემდე ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, ის მაინც ჩამოუვარდება 2003 წლის ისტორიული სიცხის ტალღის მონაცემებს, როდესაც ესპანეთში დაახლოებით 13 000 ადამიანი დაიღუპა. სწორედ იმ კრიზისის შემდეგ დაინერგა ჯანდაცვის სამინისტროს პრევენციული გეგმა.

სავარაუდოდ, სიცხე სექტემბრის დასაწყისშიც შენარჩუნდება. "AEMET"-ის პროგნოზით, თვის პირველ დღეებში ესპანეთის ზოგიერთ ნაწილში ტემპერატურა ამ პერიოდისთვის ჩვეულ ნორმაზე მაღალი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები