ესპანეთის კარლოს III-ის ჯანმრთელობის ინსტიტუტის მონაცემებით, 21-26 ივნისის პერიოდში სიცხის ტალღამ ქვეყანაში 327 ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია. ქვეყანაში ივნისისთვის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა, ხოლო სიცხის ტალღის განმავლობაში რამდენიმე ეროვნული და ადგილობრივი რეკორდი მოიხსნა.
ესპანეთის ტემპერატურული დაკვირვების ისტორიაში, რომელიც 1950 წლიდან იწყება, 23 ივნისი ყველაზე ცხელი ივნისის დღე გახდა, ხოლო 22 ივნისმა რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა.
ყველაზე რთული ანომალიები დაფიქსირდა ესპანეთის ჩრდილოეთით, სადაც ბილბაოს აეროპორტმა ახალი რეკორდები დაამყარა როგორც დღის მაქსიმალურ, ისე ღამის მინიმალურ ტემპერატურაზე.
მაისის შუა რიცხვებიდან - მას შემდეგ, რაც ქვეყანაში სიცხის ყოველწლიური მონიტორინგი დაიწყო - კარლოს III-ის ინსტიტუტმა მაღალი ტემპერატურის გამო გარდაცვალების 611 შემთხვევა დაარეგისტრირა.
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ სიცხის ტალღა მომდევნო კვირის განმავლობაში დასავლეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპის დიდ ნაწილზე გავრცელდება.
გაეროს სააგენტომ განაცხადა, რომ არსებული პროგნოზების მიხედვით, სიცხის ეპიცენტრმა შესაძლოა კიდევ უფრო მეტად გადაინაცვლოს ბალკანეთისკენ.
"რამდენიმე დღის განმავლობაში სიცხის ხანგრძლივი ზემოქმედება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ტემპერატურა ღამითაც მაღალი რჩება, ნიშნავს, რომ ორგანიზმი ყოველ ახალ დღეს უკვე სტრესის ქვეშ იწყებს", - განაცხადა ლაკლან მაკივერმა, ჯანმოსა და მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის კლიმატისა და ჯანმრთელობის ერთობლივი ოფისის მრჩეველმა.
ხანდაზმულები, მცირეწლოვანი ბავშვები, ორსული ქალები, გარე სამუშაოებზე დასაქმებულები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები უფრო მოწყვლადნი არიან მაღალი ტემპერატურის მიმართ, თუმცა, მაკივერის განცხადებით, "თერმულმა სტრესმა შესაძლოა ნებისმიერ ადამიანზე მოახდინოს გავლენა, როდესაც ტემპერატურა საკმარისად ექსტრემალურია და ხანგრძლივად ნარჩუნდება".
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ინფორმაციით, საფრანგეთის დასავლეთით მდებარე ქალაქ პალუაში (Palluau) ტემპერატურა რეკორდულ 43.8 გრადუსამდე გაიზარდა.
ბელგიის სამეფო მეტეოროლოგიური ინსტიტუტის ცნობით, ქვეყანამ სიცხის გამო განგაში გამოაცხადა, ვინაიდან მომდევნო დღეებში ექსტრემალური ტემპერატურის კიდევ უფრო გაძლიერებაა მოსალოდნელი.
გერმანიის ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ფართომასშტაბიანი წითელი განგაში გამოაცხადა, მათ შორის ბერლინის, ბონისთვის, ფრანკფურტისა და კიოლნისთვის. შვეიცარიაში კი წითელი განგაშის რეჟიმი ჟენევაში, ბაზელსა და ციურიხში ამოქმედდა.




























