მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ესპანეთში ჰაერის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა

ვალენსია, ესპანეთი

გუშინ, 10 აგვისტოს, ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში წლის რეკორდული ტემპერატურა - 46.8°C დაფიქსირდა. ქვეყნის მეტეოროლოგიური სააგენტოს (Aemet) ცნობით, მაღალი ტემპერატურა ვალენსიის აეროპორტში დააფიქსირეს. ინფორმაციას Euronews ავრცელებს.

ადგილობრივების თქმით, წლევანდელი ზაფხული განსაკუთრებულად რთული იყო, საცხოვრებელ ბინებში ჰაერის გაგრილების სისტემების გარეშე ცხოვრება გაუსაძლისია. 

აღნიშნული შემთხვევა ესპანეთისთვის მესამე თბური ტალღაა წლევანდელ ზაფხულს. ვალენსიასა და მიმდებარე პროვინციებში წითელი განგაშია გამოცხადებული, რაც სიცხის მაქსიმალური რისკის მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ გარდა რეკორდული 46,8°C-ისა, ესპანეთის ექვს მეტეოროლოგიურ სადგურზე 44°C-ზე  მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. 

ისტორიის მანძილზე ესპანეთში ყველაზე მაღალი ტემპერატურა 2021 წლის 14 აპრილს იყო, როდესაც ანდალუსიაში ჰაერი 47.6°C-მდე დათბა.

მეცნიერების ცნობით,  გახშირებული თბური ტალღები კლიმატის ცვლილებასთანაა დაკავშირებული. აღსანიშნავია ისიც, რომ ექსტრემალური სიცხის დროს ტყის ხანძრების რაოდენობაც იმატებს. უცხოური მედიის ცნობით, ესპანეთში ერთ კვირაზე ნაკლებ დროში 1 300 ჰექტარი, წლის განმავლობაში კი 71 000 ჰექტარი ტყე დაიწვა, რაც “ევროპული ტყის ხანძრების საინფორმაციო სისტემის” (Effis) თანახმად, 2022 წლის მაჩვენებელს მკვეთრად ჩამორჩება. გასულ წელს ტყის ხანძრების გამო 300 000 ჰექტარზე მეტი განადგურდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები