ავტორი: სალომე ზაალიშვილი
ესპანეთში პაბლო პიკასოს მინიატურის გაუჩინარებას პოლიცია იძიებს. ნახატი მადრიდიდან ესპანეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ გრანადაში ტრანსპორტირებისას გაუჩინარდა. ნახატის ღირებულება 600 000 ევროა, რაც 700 000 აშშ დოლარს უდრის.
1919 წელს შესრულებული ნატურმორტი გიტარით (Naturaleza muerta con guitarra), გუაშითა და პასტელით შესრულებული მინიატურა გამოფენაზე სახელწოდებით “ნატურმორტი, ინერტულის მარადისობა” (Bodegón. La eternidad de lo inerte) უნდა გამოტანილიყო.
გამოფენის ორგანიზატორი ფონდის, CajaGranada-ს თქმით, რამდენიმე ნახატი, მათ შორის გაუჩინარებული მინიატურა კერძო კოლექციონერის მფლობელობაშია და ფონდს 3 ოქტომბერს ჩაბარდა. მინიატურის გაუჩინარების ფაქტი კი მხოლოდ მომდევნო ორშაბათს, ნახატების საგამოფენო სივრცეში გადატანის შემდეგ გამოააშკარავა გამოფენის კურატორმა.
ფონდის განმარტებით, ნახატების კოლექცია ჩაბარების მომენტიდან ვიდეო მეთვალყურეობის ქვეშ იყო და მისი წარმომადგენლობა იმედს იტოვებს, რომ ნახატი მალევე მოიძებნება.

ჟაკლინის პორტრეტი (Portrait de femme,Jacqueline)
პაბლო პიკასოს შვილიშვილის ბინიდან მოპარული ერთ-ერთი ნახატი
აღსანიშნავია, რომ პაბლო პიკასოს ნახატები ქურდების სამიზნე არაერთხელ გამხდარა. 2007 წელს პიკასოს შვილიშვილის ბინიდან ორი ნახატი მოიპარეს, რომლების ჯამური ღირებულებაც 50 მილიონი ევრო იყო. 2009 წელს კი პარიზის მუზეუმიდან პიკასოს 8 მილიონ ევროდ შეფასებული ჩანახატების რვეული გაუჩინარდა.




























