ექსტრემალურ ამინდსა და წყალდიდობას ესპანეთში სულ მცირე ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სულ მცირე ორი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. სამკვირიანი ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა, წყალდიდობის გამო კი ასეულობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ბოლო თვეების განმავლობაში ეს მეორე შემთხვევაა, როცა ესპანელები სტიქიას ებრძვიან. 4 თვის წინ ქვეყნის აღმოსავლეთით, ვალენსიის რეგიონში მომხდარი სტიქია ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა. მაშინ ადგილობრივები მუნიციპალურ და ცენტრალურ ხელისუფლებას დაგვიანებულ რეაგირებაში, მათ შორის გამაფრთხილებელი შეტყობინებების გვიან გაგზავნაში ადანაშაულებდნენ.
ანდალუსიის რეგიონული ლიდერი, ხუან მანუელ მორენო მოქალაქეებს მოუწოდებს, სიფრთხილე გამოიჩინონ ქალაქებში გადაადგილებისას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ წვიმა გადაიღებს. ხელისუფლების ვერსიით, ორი ადამიანი, რომელიც დაკარგულად ითვლება, ხევის მეორე ნაპირზე გადასვლას ცდილობდნენ, რა დროსაც ისინი, სავარაუდოდ, დინებამ გაიტაცა.
ანდალუსიის ხელისუფლების ცნობით, მალაგას პროვინციაში პრევენციის მიზნით 368 ოჯახია ევაკუირებული.
უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმეკვირიანმა შტორმებმა ესპანეთში ხანგრძლივი გვალვის დასრულებას შეუწყო ხელი და თითქმის დაცლილი წყლის რეზერვუარებიც შეავსო. კერძოდ, 2 კვირის შემდეგ, ესპანური წყალსატევები 65.5%-ით სავსეა, რაც 10-წლიან საშუალო მაჩვენებელზე მაღალია და მხოლოდ ერთ კვირაში 5%-იანი ზრდაა.




























