ესპანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება. საერთაშორისო მედია წერს, რომ შედეგებმაც შესაძლოა ქვეყანაში ფრანსისკო ფრანკოს დიქტატურის დასრულების შემდეგ, თითქმის ხუთი ათწლეულის განმავლობაში პირველად, ულტრამემარჯვენე პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში მოსვლა გამოიწვიოს.
საარჩევნო უბნები დღეს, დილის 09:00 საათზე გაიხსნება და საღამოს 20:00 საათზე დაიხურება. პირველი შედეგები საარჩევნო უბნების დახურვიდან დაახლოებით ერთ საათში გახდება ცნობილი. ესპანეთის პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად პარტიას 350 მანდატიდან 176-ის მიღება სჭირდება.
ვადამდელი არჩევნები სოციალისტმა პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა დანიშნა, რომელიც ქვეყანას 2018 წლიდან მართავს და ბოლო პერიოდში უმცირესობის მყიფე სამთავრობო კოალიციებს ეყრდნობა. არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება პარლამენტის მიერ მისი საბინაო პოლიტიკის ღონისძიებების უარყოფას მოჰყვა.
ესპანეთში საცხოვრებელი სახლების დეფიციტი დაახლოებით 750 000 ერთეულს შეადგენს. ქირის ზრდამ და გამოსახლების შემთხვევებმა ქვეყანაში მასშტაბური პროტესტი გამოიწვია. მიმდინარე თვეში ამ საკითხებს საყოველთაო გაფიცვაც მოჰყვა.
საზოგადოებრივი აზრის კვლევების უმრავლესობა არჩევნებში კონსერვატიული სახალხო პარტიის (PP) გამარჯვებას პროგნოზირებს. თუმცა, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საჭირო მანდატების მოპოვება პარტიას, სავარაუდოდ, გაუჭირდება და ხელისუფლებაში მოსასვლელად ულტრამემარჯვენე პარტიის, „ვოქსის“ (Vox) მხარდაჭერა დასჭირდება.
თავად პედრო სანჩესი აცხადებს, რომ მისი შიდა მონაცემებით, სოციალისტებს მცირე მემარცხენე პარტიებთან ერთად უმრავლესობის მოპოვება შეუძლიათ. ზოგიერთი გამოკითხვით, სოციალისტები სახალხო პარტიას ეწევიან, თუმცა მათი მხარდაჭერის ზრდა ძირითადად უკიდურესად მემარცხენე პოლიტიკური ძალების რეიტინგის შემცირების ხარჯზე ხდება. სწორედ ამ პარტიების მხარდაჭერა დასჭირდება სანჩესს მთავრობის ხელახლა ფორმირებისთვის.






















