მადრიდის მოიჯარეთა პროფკავშირის ცნობით, გარდაიცვალა ხანდაზმული ქალი, რომლის ბინიდან გამოსახლებამაც ესპანეთის საბინაო კრიზისის გამო საყოველთაო საპროტესტო ტალღა ააგორა და პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, რაც ვადამდელი არჩევნების დანიშვნით დასრულდა.
87 წლის მარიკარმენ აბასკალი 23 სექტემბერს საკაცით იძულებით გამოასახლეს ბინიდან, სადაც ის 70 წელზე მეტხანს ცხოვრობდა, მას შემდეგ, რაც მან ქირის მკვეთრად გაზრდილი საფასურის გადახდა ვეღარ შეძლო.
კომპანიამ, რომელიც ბინას ფლობს, მოგვიანებით მას სახლში დაბალ ფასად დაბრუნება შესთავაზა, თუმცა ქალმა შეთანხმებაზე ხელის მოწერა ვეღარ მოასწრო, რადგან საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მადრიდის მოიჯარეთა პროფკავშირმა მისი გარდაცვალების შესახებ განცხადებაში აღნიშნა, რომ აბასკალის მდგომარეობა "ამ ქვეყნის ისტორიაში გარდამტეხ მომენტად" იქცა.
87 წლის ქალი და მისი გამოსახლება ესპანეთის საბინაო კრიზისის სიმბოლოდ იქცა. სოციალისტების მეთაურობით მოქმედმა მთავრობამ პროტესტს საგანგებო საბინაო ზომების მიღებით უპასუხა, თუმცა ინიციატივა პარლამენტში ჩავარდა, რის გამოც პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ვადამდელი არჩევნები დანიშნა.
გამოსახლების მომენტში 87 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისედაც მყიფე იყო. ის მადრიდის გრეგორიო მარანიონის საავადმყოფოში მოათავსეს, საიდანაც მომიტინგეებს მხარდამჭერ გზავნილებს უგზავნიდა.
როდესაც მისი გარდაცვალების ამბავმა პუერტა-დელ-სოლამდე მიაღწია - მადრიდის ცენტრალურ მოედნამდე, სადაც მისი გამოსახლების შემდეგ ათასობით ადამიანმახელმისაწვდომი საცხოვრებლის მოთხოვნით კარვები გაშალა.
მარიკარმენ აბასკალის მამამ მადრიდის რეტოროს რაიონში მდებარე ბინა პირველად 1956 წელს იქირავა, მშობლების გარდაცვალების შემდეგ კი ქალი იქ მდგმურად დარჩა, რა პერიოდშიც ქირის საფასურზე სახელმწიფო ზღვარი მოქმედებდა.
ტერიტორია დროთა განმავლობაში განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა. კომპანია "Urbagestión"-მა, რომელმაც ქონება 2018 წელს შეიძინა, ქირა თვეში 500 ევროდან 2 650 ევრომდე გაზარდა. უძრავი ქონების პორტალ "Idealista"-ს ცნობით, მადრიდში ქირის ფასი ბოლო ათწლეულში 100%-ზე მეტით გაიზარდა.
კომპანიამ მოგვიანებით ქალს თანხის 1 650 ევრომდე შემცირება შესთავაზა, რაც მაინც 300 ევროთი აღემატებოდა აბასკალის ყოველთვიურ პენსიას. მისი გამოსახლების სამი წინა მცდელობა სასამართლომ დაბლოკა, მისმა საქმემ კი საზოგადოებისა და ცნობილი ადამიანების ფართო მხარდაჭერა დაიმსახურა.
პრემიერ-მინისტრ სანჩესის უმცირესობის მთავრობამ საბინაო კრიზისის მოსაგვარებლად ორი საგანგებო დეკრეტი წარადგინა, თუმცა გასულ კვირას ისინი კონგრესმა უარყო, რის შემდეგაც პრემიერმა ვადამდელი არჩევნები 29 ნოემბერს დანიშნა. ოპონენტებმა აღნიშნეს, რომ მას ამ პრობლემის მოსაგვარებლად ხელისუფლებაში რვა წელი ჰქონდა.
გამოსახლების შემდეგ, საავადმყოფოს საწოლიდან ჩაწერილ ერთ-ერთ ვიდეოში მარიკარმენმა თქვა: "მე ვერ შევძელი ჩემი სახლის დაცვა, მაგრამ ვიბრძოლე იმისთვის, რომ სხვებმა ისწავლონ ბრძოლა საკუთარი უფლებებისთვის".
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების უმეტესობით, მომავალ არჩევნებში კონსერვატიული "სახალხო პარტია" ლიდერობს, თუმცა მთავრობის დასაკომპლექტებლად მათ, სავარაუდოდ, ულტრამემარჯვენე პარტია "Vox"-ის მხარდაჭერა დასჭირდებათ.
























