ესპანეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში TikTok-ის დაბლოკვა მოითხოვა. როგორც ირკვევა, პედრო სანჩესის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სამოქალაქო ჯგუფმა Maldita-მ უახლესი გამოძიების შედეგები გამოაქვეყნა.
ანგარიშში ეწერა, რომ ბავშვთა სექსუალური ძალადობის შემცველი მასალების გავრცელებაზე პლატფორმა არასაკმარის კონტროლს ახორციელებს.
არსებული ინფორმაციით, მთავრობის მიმართვის საფუძველზე, ქვეყნის პროკურატურამ საქმეზე წინასწარი გამოძიებაც კი დაიწყო. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა პროკურატურის ნაბიჯი დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ ბავშვთა უფლებების დასაცავად ხელისუფლება სოციალური ქსელის შეჩერებასაც არ მოერიდება.
პარალელურად, ესპანეთის ახალგაზრდობისა და ბავშვთა სამინისტრომ TikTok-ის ადგილობრივ წარმომადგენლობას ქვეყანაში სერვისების ნებაყოფლობით შეჩერება მოსთხოვა.
თავად TikTok-ში განმარტეს, რომ პლატფორმაზე მსგავსი მასალების განთავსება კატეგორიულად აკრძალულია და ანგარიშის გამოქვეყნებისთანავე კომპანიამ კონტენტის გამოსავლენად და წასაშლელად სწრაფი ზომები მიიღო.
კომპანიაში ასევე აღნიშნეს, რომ დარღვევების აღმოსაფხვრელად სპეციალურ უსაფრთხოების გუნდსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებენ.
რაც შეეხება პლატფორმის აკრძალვის სამართლებრივ მექანიზმებს, აღსანიშნი ფაქტია, რომ ესპანეთის მთავრობასა და ქვეყნის მონაცემთა დაცვის სააგენტოს TikTok-ის მუდმივი დაბლოკვის უფლებამოსილება არ აქვთ.
სერვისის იძულებითი შეჩერებისთვის უწყებას სასამართლოს განჩინება სჭირდება, ხოლო ევროკავშირის რეგულაციების ფარგლებში ესპანურ მარეგულირებელს დროებითი შეზღუდვების დაწესება მაქსიმუმ სამი თვით შეუძლია.
























