მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ესტონეთი რუსეთთან ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტს დახურავს

ესტონეთ-რუსეთის საზღვარი

ესტონეთი 1-ელი დეკემბრიდან რუსეთთან ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტს დახურავს. ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, ეს ნაბიჯი გასულ შაბათ-კვირას თავდაცვითი დრონების მწარმოებელ კომპანია Threod Systems-ზე განხორციელებულ თავდასხმას უკავშირდება. ოფიციალური პირების თქმით, დივერსია რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურმა შეუკვეთა.

შეზღუდვა რუსეთთან არსებულ სამივე გამშვებ პუნქტს - ჩრდილოეთით მდებარე ნარვასა და სამხრეთით მდებარე კოიდულასა და ლუჰამაას შეეხება, თუმცა დახურვის ხანგრძლივობა ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, შაბათს დილით სამართალდამცველებმა Threod Systems-ის ობიექტზე თავდასხმის მცდელობისას რვა პირი დააკავეს. ესტონეთის შიდა უსაფრთხოების სამსახურმა, Kapo-მ კვირას განაცხადა, რომ თავდამსხმელების მიზანი აფეთქების მოწყობა და შენობის დაწვა იყო. ინფორმაციისთვის, კომპანია შორ მანძილზე მოქმედ დამრტყმელ და სადაზვერვო დრონებს აწარმოებს.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კრისტენ მიხალის განმარტებით, საზღვრის ჩაკეტვა მორიგი თავდასხმების რისკს შეამცირებს და მოსკოვს მკაფიო სიგნალს გაუგზავნის, რომ ქვეყნის თავდაცვის ინდუსტრიაზე იერიშები მიუღებელია.

მან დივერსია ტალინის მიერ უკრაინის მხარდაჭერას დაუკავშირა და აღნიშნა, რომ რუსეთი ესტონეთის დაშინებასა და კიევისადმი დახმარების შესუსტებას ცდილობს. პრემიერის თქმით, ამის საპასუხოდ ქვეყანა უსაფრთხოებას კიდევ უფრო გააძლიერებს და რუსეთზე წნეხს გაზრდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები