ევროკავშირის წევრი ქვეყნის, ესტონეთის პარლამენტი მხარს უჭერს საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის გაყინვას, ვიდრე კანონი არ გაუქმდება - ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის მიერ მიღებულ დადგენილებაში წერია.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფართო პროტესტის, ევროკავშირისა და საქართველოს მოკავშირეების მოწოდებებისა და საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს მიუხედავად, 28 მაისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო "გამჭვირვალობის კანონი", რომელიც შთაგონებულია რუსეთის ფედერაციის ე.წ. უცხო აგენტების კანონით, რომელსაც პუტინის რეჟიმი იყენებს სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და პოლიტიკური ოპოზიციის რეპრესირებისთვის.
რიიგიკოგუ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას დაუყოვნებლივ გააუქმონ კანონი. ის ასევე მოუწოდებს მთავრობას, შეწყვიტოს ძალადობა დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ, ჩაატაროს სამართლებრივი გამოძიება ხელისუფლებისა და იმ პირების მიმართ, რომლებმაც ძალადობა გამოიყენეს მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ, განახორციელოს ის რეფორმები, რასაც საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ითხოვს და ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობაა.
"განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მანამ სანამ საქართველოს მთავრობა და პარლამენტი არ დაიწყებენ დემოკრატიული კრიზისის გადაწყვეტას იმ მიდგომით, რომელიც პატივს სცემს კანონის უზენაესობასა და სამოქალაქო უფლებებს, არ დაუბრუნდებიან ევროკავშირთან შეთანხმებულ რეფორმებს და დემოკრატიზაციას და უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს არ გააუქმებენ, რიიგიკოგუ აუცილებლად მიიჩნევს, რომ ესტონეთმა ევროკავშირის საბჭოში დაბლოკოს ევროკავშირში საქართველოს გაწევრების შემდგომი პროცესები, გაყინოს განვითარების თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან და გამოიყენოს გამოყოფილი თანხები საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად.
რიიგიკოგუ ასევე მიიჩნევს, რომ აუცილებელია ევროკავშირის საბჭოს შესთავაზოს სანქციების დაწესება, მათ შორის ევროკავშირში შესვლის აკრძალვის შესახებ ბიძინა ივანიშვილზე, საქართველოს მთავრობის წევრებზე, პარლამენტისა და "ქართული ოცნების" ხელმძღვანებელობასა და პარტია "ქართული ოცნების" საპარლამენტო ჯგუფზე", - წერია განცხადებაში.
თუ ეს წინადადება არ იქნება მხარდაჭერილი, ესტონეთის პარლამენტს სურს, რომ ესტონეთმა დააწესოს სანქციები, მათ შორის, ესტონეთის რესპუბლიკაში შესვლის აკრძალვა ამ პირების მიმართ.
ესტონეთის პარლამენტს ასევე სურს, რომ ესტონეთმა შესთავაზოს ევროკავშირის საბჭოს სანქციების დაწესება საქართველოს ძალოვანი სტრუქტურებისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებზე, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი დემონსტრაციების ძალადობრივ ჩახშობაში.
„რიიგიკოგუ გამოხატავს პატივისცემას მამაცი ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ და პროევროპულ მომავალს“, - ნათქვამია განცხადებაში.