ესტონეთის შემდეგ ქვეყანაში შესვლა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს ლიეტუამაც აუკრძალა.
„ესტონეთთან კოორდინაციით, გავაფართოვეთ სანქცირებული ქართველი პოლიტიკოსების სია კიდევ 17 პირის დამატებით, მათ შორისაა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. არ შევეგუებით მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის მიმართ ძალადობასა და ჩაგვრას. დროა, ერთობლივად, ევროკავშირის დონეზე მოქმედებისთვის!" - წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კესტუტის ბუდრისი X-ზე.
დღეს, 15 დეკემბერს, ესტონეთმა სანქციები დაუწესა კიდევ 14 ქართველ თანამდებობის პირს, მათ შორის კობახიძეს. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არ გაუსაჯაროებია დასანქცირებულების სია. ესტონეთმა უკვე დაასანქცირა 11 თანამდებობის პირი, 2 დეკემბერს ლიეტუვასთან და ლატვიასთან ერთად, მათ შორის სავიზო სანქციები დაუწესეს ბიძინა ივანიშვილსა და შსს-ს 10 მაღალჩინოსანს.