Etihad Airways-ის ხელმძღვანელის განცხადებით, გასული წლის განმავლობაში ახალი გლობალური ტარიფების სიმრავლემ ავიაკომპანიას უფრო მეტი შეფერხება შეუქმნა, ვიდრე მიმდინარე კონფლიქტებმა.
ანტონოალდო ნევესის თქმით, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ბაზირებულ ავიაკომპანიაზე გავლენა იქონია სატარიფო განაკვეთების ცვლილებით გამოწვეულმა მგზავრობის ტენდენციების ცვლილებამ. მან შექმნილი ვითარება "თოვლის ქარიშხალს" შეადარა, რომელიც მიმოსვლას რამდენიმე დღით აფერხებს.
"თუ შეხედავთ იმ შეფერხებებს, რაც ერთი წლის წინ ვაჭრობაში გვქონდა, ეს ნებისმიერ გეოპოლიტიკურ დაძაბულობაზე მასშტაბური იყო", - განუცხადა მან Financial Times-ს.
გასულ წელს ფრენის გეგმები და მარშრუტები მოკლე დროში რამდენჯერმე შეიცვალა, რადგან აშშ სხვა ქვეყნებს ტარიფებით ემუქრებოდა, აწესებდა ან ცვლიდა მათ, ხშირად კი - გაფრთხილების გარეშე.
"ჩვენ დავინახეთ მოთხოვნაზე გავლენა მოკლევადიან პერიოდში, მაგრამ ის ძალიან სწრაფად აღდგა. ეს ჰგავს დიდ თოვლის ქარიშხალს, როცა სამი-ოთხი დღის განმავლობაში მიმოსვლა არეულია, შემდეგ კი ჩვეულ რიტმს უბრუნდები", - აღნიშნა ნევესმა.
შეფერხებების მიუხედავად, სამშაბათს Etihad-მა რეკორდული მოგება გამოაცხადა. კომპანია პირველი საჯარო შეთავაზებისთვის (IPO) მზადების პროცესშია. ბანკირები ელოდნენ, რომ ავიაკომპანია IPO-ს გასულ წელს განათავსებდა, თუმცა გეგმები არ განხორციელდა.
ნევესის თქმით, ავიაკომპანიას, რომელსაც სრულად ფლობს აბუ-დაბის სამთავრობო ჰოლდინგი ADQ, აქვს "მკაფიო მიმართულება, იოპერიროს ისე, თითქოს უკვე ბირჟაზე იყოს დალისტული".
"გადაწყვეტილება აქციონერმა უნდა მიიღოს; ჩვენი, როგორც მენეჯმენტის საქმეა, მზად ვიყოთ", - დასძინა მან.
Etihad-ის საოპერაციო მოგება 37%-ით გაიზარდა და 6.3 მილიარდი დირჰემი (1.7 მლრდ დოლარი) შეადგინა, ხოლო შემოსავლები 21%-ით - 30.7 მილიარდ დირჰემამდე (8.4 მლრდ დოლარი) გაიზარდა. მაჩვენებლების გაუმჯობესებას ხელი შეუწყო 29 ახალი თვითმფრინავის მიღებამ იმ დროს, როცა ინდუსტრია მთავარი მომწოდებლების - Boeing-ისა და Airbus-ის მხრიდან წარმოების შეფერხებებს განიცდის.
დატვირთულობის კოეფიციენტი, რაც რეისზე დაკავებული ადგილების რაოდენობას ზომავს, 2%-ით გაიზარდა და 88% შეადგინა. გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა კი მეხუთედით გაიზარდა და 22.4 მილიონს მიაღწია.




























