მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეთიკურად გამართლებული გადაწყვეტილებაა“ - თურნავა საპენსიო სესხების რეკლამის აკრძალვაზე

ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება პენსიონერთა ინდივიდუალური თანხმობის გარეშე იკრძალება. ამასთან, აღნიშნული ცვლილება გავრცელდება იმ პენსიონერებზე, რომელთა შემოსავალიც მხოლოდ პენსიით ან/და სხვა სახელმწიფო სოციალური გასაცემლით განისაზღვრება.

საკითხთან დაკავშირებით BM.GE-მ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ჰკითხა - რატომ მიიღო მარეგულირებელმა ეს გადაწყვეტილება, რაზეც ნათია თურნავამ უპასუხა, რომ ეს აბსოლუტურად ეთიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც მოწყვლად მომხმარებელს ჭარბვალიანობისგან იცავს.

„ჩვენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ და გავითვალისწინეთ, რომ პენსიონერები, სოციალური დახმარების მიმღები პირები შედარებით მოწყვლადი კატეგორიაა და ძირითადი ჩივილები და საჩივრები, რომლებიც ჩვენთან და საბანკო სისტემაში შემოდის იმას ეხება, რომ ეს ადამიანები გადაწყვეტილებებს გაუცნობიერებლად იღებენ და შესაბამისი ინფორმაცია მათთვის ბოლომდე მიწოდებული არ არის. ჩვენ ვაზღვევთ პენსიონერებს და სოციალური შემწეობის მიმღებებს ჭარბვალიანობისგან. ბანკებს მივეცით მითითება აღარ გამოიყენონ რეკლამა ისეთი პროდუქტებისთვის როგორიცაა პენსიით ან სოციალური შემწეობით უზრუნველყოფილი სესხი.

პენსიით ან სოციალური შემწეობით უზრუნველყოფილი სესხის პროდუქტის რეკლამირება აიკრძალება. მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებელი იქნება ამ სესხის ამღების თანხმობით და ნებართვით. ეს შესაძლებლობაა, რომ ჩვენ მოწყვლადი მომხმარებელი, მათ შორის პენსიონერი მეტად დავიცვათ გაუთვითცნობიერებელი გადაწყვეტილების მიღებისგან, მივცეთ საშუალება მეტი ინფორმაცია მოითხოვოს ბანკისგან, ვიდრე პენსიით უზრუნველყოფილ სესხს აიღებს და დავიცვათ ჭარბვალიანობისგან. ეს ეთიკურად აბსოლუტურად გამართლებული გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები