დაშბაშის კანიონის სიახლოვეს მდებარე ეთნო სახლი „ედის დაჩა“ ახალი ინფრასტრუქტურითა და სერვისებით გაფართოვდა.
ობიექტის დამფუძნებელი, ედვარდ მკრტიჩიანი BM.GE-სთან ამბობს, რომ განახლების შედეგად ვიზიტორების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და აგვისტოში დატვირთვამ 95% შეადგინა.
„დავამატეთ თერმო აუზი, ასევე ორი საუნა კლდეში, რაც სტუმრებს აძლევს საშუალებას, უფრო ხანგრძლივად დაისვენონ. ადრე სტუმრები თუ ერთი ღამით რჩებოდნენ ობიექტში, ახლა უკვე ორი, სამი და ხუთი ღამითაც კი რჩებიან. ამასთან, დავამატეთ ერთი ნომერი, რის შედეგადაც ახლა გვაქვს ექვსი ნომერი – ორი ეკონომი, ორი სტანდარტი და ორი ლუქსი. ფასები იწყება 220 ლარიდან და ადის 450 ლარამდე“, – განაცხადა მკრტიჩიანმა.
მისივე თქმით, ობიექტის გაფართოებაში 280 000 ლარის ინვესტიცია ჩაიდო. დამფუძნებელმა ასევე აღნიშნა, რომ ადგილზე მოეწყო ავტოფარეხი, რათა სტუმრების ავტომობილები სეტყვისგან ყოფილიყო დაცული, და დაიწყო ფანჩატურის მშენებლობა, რომელიც სარესტორნო სივრცის ფუნქციას შეითავსებს.
„აგვისტო ყველაზე დატვირთული თვე იყო – 95%-ით ვიყავით დატვირთული. საშუალოდ კი, წლის განმავლობაში დატვირთვა 80-85%-ს აღწევს“, – ამბობს მკრტიჩიანი.
მისივე განმარტებით, „ედის დაჩას“ სტუმრების უმეტესობა ევროპის ქვეყნებიდან მოდის – ავსტრიიდან, გერმანიიდან, ბელგიიდან, საფრანგეთიდან, შვეიცარიიდან და ნიდერლანდებიდან.
გარდა ამისა, მკვეთრად გაიზარდა სტუმრების ნაკადი ისრაელიდან, რაც რეგიონში არსებული ეკოპარკის – „ბრილიანტის ხიდის“ მარკეტინგულ კამპანიებს უკავშირდება.
მისი თქმით, რეგიონის ტურისტული პოტენციალი იზრდება, რადგან ობიექტი სატრანზიტო ზონაში მდებარეობს: „ვინც მიდის ვარძიასა და ბორჯომში, ხშირად ჩვენთან ჩერდება. თბილისიდან საათ-ნახევარში ვართ, რაც დიდ უპირატესობას გვაძლევს“, – აღნიშნა დამფუძნებელმა.
როგორც მკრტიჩიანი აცხადებს, ობიექტი გაფართოებას კვლავ განაგრძობს. უახლოეს პერიოდში კანიონის პირას ორი ახალი სუპერლუქსი კოტეჯი და ერთი დიდი კოტეჯი დაემატება, რომელიც ხუთ სტუმარზე იქნება გათვლილი. პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 290 000 ლარია.
შეგახსენებთ, რომ თბილისიდან დაახლოებით 100 კმ-ში მდებარე ეთნო სახლი „ედის დაჩა“ გასული წლის 5 ივნისს გაიხსნა. 1936 წელს აშენებული და ახლახან რესტავრირებული სახლის პირველ ეტაპზე განხორციელებულმა ინვესტიციამ 160 000 ლარი შეადგინა, ხოლო სასტუმრო სტუმრებს 5 ნომრითა და 14 ადამიანის მიღების შესაძლებლობით ემსახურებოდა.




























