დაშბაშის კანიონის მიმდებარედ მდებარე ეთნოსახლი „ედოს დაჩა“ ობიექტის გაციფრულებაზე მუშაობს.
როგორც ობიექტის დამფუძნებელმა, ედვარდ მკრტიჩიანმა BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა, სასტუმროს ვებგვერდის შექმნა უკვე დაწყებულია და ის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ჩატბოტსაც ითვალისწინებს.
„ვმუშაობთ გაციფრულებაზე. საიტის გაკეთება უკვე დავიწყეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს სრულყოფილი ინფორმაცია მივაწოდოთ და შიდა პროცესები ავტომატიზებული გავხადოთ. საიტზე იქნება ჩაშენებული ჩატბოტი, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე იმუშავებს და ნებისმიერ კითხვაზე უპასუხებს, რაც სტუმრებს დროის დაზოგვაში დაეხმარება“, – განმარტა მკრტიჩიანმა.
მისი თქმით, ახალ პლატფორმაზე შესაძლებელი იქნება ნომრების დაჯავშნა და სერვისების სრული აღწერის ნახვა. ასევე, ისეთი ინფორმაციის მიღება, რომელიც სხვა პლატფორმებზე, მათ შორის Booking.com-ზე ამჟამად არასრულად არის წარმოდგენილი.
„ყველაფერი გაერთიანებული იქნება ერთ სისტემაში. ამ ეტაპზე, ვმუშაობთ ჰიბრიდულ მოდელზე, სადაც პარალელურად, შევინარჩუნებთ არსებულ პლატფორმებზე ყოფნასაც. მიზანი გვაქვს, რომ ჩვენი ობიექტის შესახებ ინფორმაცია უფრო ფართო მასშტაბით გავავრცელოთ და მომხმარებელს ყველა სერვისის შესახებ ინფორმაციის მიღება ჩვენივე პლატფორმიდანვე შეეძლოს“, – ამბობს მკრტიჩიანი.
მისივე ინფორმაციით, ციფრული პლატფორმა ახალი წლისთვის სატესტო რეჟიმში ამოქმედდება, ხოლო პროექტზე 15 000-დან 20 000 ლარამდე ინვესტიციაა გამოყოფილი.
შეგახსენებთ, რომ თბილისიდან დაახლოებით 100 კმ-ში მდებარე ეთნოსახლი „ედის დაჩა“ გასული წლის 5 ივნისს გაიხსნა. 1936 წელს აშენებული და ახლახან რესტავრირებული სახლის პირველ ეტაპზე განხორციელებულმა ინვესტიციამ 160 000 ლარი შეადგინა, ხოლო სასტუმრო სტუმრებს 5 ნომრითა და 14 ადამიანის მიღების შესაძლებლობით ემსახურებოდა.




























