მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ე.წ. ბასლაინები გვექნება, რომელზეც კერძო სამარშრუტო ხაზები ივლიან - ხაშურის მერი

ხაშურის მერი

“ჩვენ ავტობუსები არ გვყავს, მაგრამ გვექნება ე.წ. ბასლაინები“, - ამის შესახებ ხაშურის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა ადგილობრივი ტელევიზია "ივერიის" ეთერში რეგიონში ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

BM.GE დაინტერესდა, თუ სად იქნება "ბასლაინები" მოწყობილი და ვის ექნება შესაძლებლობა, რომ ამ ინფრასტრუქტურით ისარგებლოს, მაშინ როდესაც ხაშურს მუნიციპალური ავტობუსები არ ჰყავს. ხაშურის მერმა, თენგიზ ჩიტიაშვილმა ჩვენთან საუბრისას განმარტა, რომ ქალაქს კერძო საკუთრებაში არსებული სამარშრუტო ხაზები ემსახურება, რომლებსაც შეეძლებათ რომ ე.წ ბასლაინებით ისარგებლონ.

მისივე თქმით, საქმე ეხება ხაშურში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციას, რისი პროექტიც უკვე დაწყებულია და განხორციელებაც მალე დაიწყება.

„კერძო საკუთრებაში არსებული სამარშრუტო ხაზები გვყავს და ისინი ივლიან, რათა ქალაქი განიტვირთოს და მოსახლეობას არ დასჭირდეს გადასაადგილებლად შორიდან შემოვლა “, - ამბობს მერი.

ცნობისთვის, ხაშურში, რუსთაველის ქუჩა ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩაა, რომელზედაც უკვე რამდენიმე წელია ცალმხრივი მოძრაობაა.

"[რეაბილიტაციის შემდეგ] რუსთაველის გამზირი ორმხრივი არ იქნება კერძო ავტომობილის მძღოლებისთვის, ორმხრივი მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის იქნება. ჩვენ ავტობუსები არ გვყავს, მაგრამ იგეგმება, რომ ერთი ზოლი ე.წ. ბასლაინისთვის იყოს გათვალისწინებული", - განაცხადა ხაშურის მერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები