მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ე.წ. ბერძნული მოდელი ზრდის გამჭვირვალობას, რაც საბოლოოდ გავლენას ახდენს ფასებზე“ - რითეილ ექსპერტი ფასების კომისიის რეკომენდაციებზე

მანჯგალაძე

პროდუქტების ფასების ხელოვნური კონტროლი პრობლემის რეალური გადაწყვეტა ვერ იქნება. მთავარი გამოწვევა კონკურენტული გარემოს შექმნა, გამჭვირვალობის ზრდა და ისეთი მოდელების განვითარებაა, რომლებიც ბაზარს დაბალი ფასების დაწესებას აიძულებს - ამის შესახებ „საქმიანი დილის“ ეთერში რითეილ ექსპერტმა მირანდა მანჯგალაძემ ისაუბრა.

მისი შეფასებით, ამის მისაღწევად ყველაზე სწორი რეკომენდაცია ე.წ. „ბერძნული მოდელის“ გადმოტანაა.

„დასკვნამ, ფაქტობრივად, უგულებელყო ის გზავნილები, რომლებიც პირველივე დღეებში ისმოდა. მაგალითად, საუბარი ჭარბი მოგებიანობის შესახებ.

მეორე ნაწილი ეხება რეკომენდაციებს. იდეას, რომ უნდა შეიქმნას ისეთი მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც კონკრეტული პროდუქტები მუდმივად ფასდაკლებაში იქნება. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო „ბერძნული მოდელი“, რომელიც რეკომენდაციების ნაწილში იყო ნახსენები. ის ეფუძნება მაღალ კონკურენციასა და გამჭვირვალობას. ეს არის სპეციალური ინტერნეტპლატფორმა, სადაც მომხმარებელს 51 კატეგორიაში შეუძლია სხვადასხვა ქსელში ფასების შედარება. მაგალითად, მომხმარებელი საძიებო ველში წერს „რძეს“ და სისტემა აჩვენებს, კონკრეტულ ქსელში რა ღირს ეს პროდუქტი. შედეგად, მომხმარებელი იღებს ინფორმირებულ გადაწყვეტილებას და ირჩევს იმ ქსელს, სადაც მისთვის სასურველი პროდუქტი ყველაზე იაფია.

ამ მოდელს დირექტიული ხასიათი არ აქვს, სახელმწიფო კომპანიებს არ ეუბნება, რომ მარჟა უნდა შეამცირონ ან კონკრეტულ ფასად გაყიდონ პროდუქცია. პირიქით, სისტემა ზრდის გამჭვირვალობას და კონკურენციას, რაც საბოლოოდ თავად ახდენს გავლენას ფასებზე.

ვფიქრობ, ასეთი მოდელის ქართულ რეალობაში გადმოტანა ცუდი იდეა არ არის. თუმცა ამისთვის საჭიროა ძლიერი ციფრული პლატფორმა, მაღალი გამჭვირვალობა, სახელმწიფოს მხრიდან მუდმივი მონიტორინგი და 51 კატეგორიაში ფასების ყოველკვირეული განახლება. დღევანდელი საცალო ინფრასტრუქტურის პირობებში კი ეს საკმაოდ სერიოზული გამოწვევა იქნება.“ - განაცხადა მირანდა მანჯგალაძემ.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ ფასების შემცირების მთავარი გზა მიწოდების ჯაჭვის გამარტივებაზე გადის - რაც ნაკლები შუამავალი მონაწილეობს პროდუქტის მომხმარებლამდე მიტანაში, მით უფრო იაფდება საბოლოო ფასი. სწორედ ამ პრინციპზეა დაფუძნებული Private Label-ის მოდელი, რომელიც დღეს კონკურენციის ზრდისა და ფასებზე ზემოქმედების ერთ-ერთ ეფექტიან მექანიზმად მიიჩნევა.

„პროდუქტის ფასი იზრდება ღირებულებათა ჯაჭვში ჩართული თითოეული რგოლის - მომწოდებლის, დისტრიბუტორისა და საცალო მოვაჭრის მოგების გამო. ამიტომ, ფასის შემცირების ერთ-ერთი გზა ჯაჭვის გამარტივებაა. სწორედ ამას ეფუძნება Private Label მოდელი, სადაც საცალო ქსელი საკუთარ ბრენდს ქმნის და თავად აკონტროლებს წარმოებას, დისტრიბუციასა და გაყიდვას. ეს კომპანიას მეტ მოქნილობას აძლევს ფასების მართვაში და ზრდის კონკურენციას, რაც საბოლოოდ მომხმარებლისთვის სასარგებლოა.

საბერძნეთმაც შედეგს გამჭვირვალობისა და კერძო ნიშნების გაძლიერებით მიაღწია. თუმცა მთავარი პრობლემა მოლაპარაკებებია: საცალო მოვაჭრეები პირველადი მოხმარების პროდუქტებზე უკვე დაბალი მარჟით მუშაობენ და დამატებითი შემცირება ზარალს ნიშნავს, ხოლო მომწოდებლები აცხადებენ, რომ ფასის კიდევ დაკლების რესურსი აღარ აქვთ“, - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში მირანდა მანჯგალაძემ.

საქართველოში ქსელურმა მარკეტებმა მომხმარებლებისთვის „სოციალური კალათით“ ფასდაკლებების შეთავაზება დაიწყეს. როგორც „რითეილ ასოციაციამ" განმარტა, კომპანიები ერთიან მიდგომაზე შეთანხმდნენ, თუმცა ყველამ ინდივიდუალურად განსაზღვრა შეთავაზებები.

სოციალური პროდუქტი ძირითადად არის ზეთი, ბრინჯი, კვერცხი, წიწიბურა, მაკარონი, პური, შაქარი, გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება იყოს რძის პროდუქტი და ქათმის ხორცი.

21 მაისს ცნობილი გახდა, რომ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო "საოჯახო კალათის" პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების შესახებ საინფორმაციო პორტალს შექმნის. GCCA-ის გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში და პარლამენტის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის დასკვნის საფუძველზე, სააგენტოს დაევალა, მომხმარებლებს ქსელურ მარკეტებში საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალ საბაზისო პროდუქტებზე არსებული საუკეთესო შეთავაზებებისა და ფასების შესახებ ინფორმაცია ერთ სივრცეში, ელექტრონული კალათის ფორმატში შესთავაზოს.

პროგრამაში ჩართული ქსელები ვალდებული იქნებიან, სააგენტოს ყოველკვირეულად მიაწოდონ ინფორმაცია საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალ საბაზისო პროდუქტებზე არსებული საუკეთესო შეთავაზებებისა და ფასების შესახებ, რომელიც საინფორმაციო პორტალზე პროაქტიურად განახლდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები