კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, e-kalata.gov.ge-ს პლატფორმის ამოქმედებიდან დღემდე, ანუ არასრული 5 თვის განმავლობაში 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტზე ფასები 14–15%-ის ფარგლებში შემცირდა, ხოლო 10 არასასურსათო პროდუქტზე კლებამ დაახლოებით 28% შეადგინა.
შემდეგი ნაბიჯი ევროდირექტივის მსგავსი ჩარჩო-კანონმდებლობის მიღებაა, რომელიც მწარმოებელს, იმპორტიორსა და ქსელს შორის ურთიერთობებს უფრო გამჭვირვალესა და პროგნოზირებადს გახდის. პარლამენტი მასზე უკვე მუშაობს.
რიტეილ ექსპერტი მირანდა მანჯგალაძე განმარტავს, რომ წინა პერიოდში განხილული დირექტივა ადგილობრივი ფერმერებისა და მალფუჭებადი პროდუქტების მწარმოებლების დაცვას ეხებოდა და არა დისტრიბუტორებს. იგი ხაზს უსვამს, რომ ზედმეტი რეგულაციები ბიზნესს ადმინისტრაციულ ხარჯებს უზრდის, ისევე, როგორც თავად e-kalata-ზე ინფორმაციის მიწოდებამ გაუზარდა ქსელებს ხარჯი, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ისევ პროდუქტებს გააძვირებს და მომხმარებელზე უარყოფითად აისახება.
“ძალიან საინტერესოა ეს ევროდირექტივა. ევროდირექტივა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის პერიოდში იყო ინიციირებული და შემდეგ არ ჰპოვა განვითარება, უშუალოდ დისტრიბუტორებს არ ეხებოდა. ეს დირექტივა ეხება ადგილობრივ მეწარმეებს - ძირითადად მათ, ვისაც აქვს მალფუჭებადი პროდუქტები და ზუსტად მათ ხელშეწყობაზე იყო საუბარი.
ზოგადად, ნებისმიერი რეგულაცია, რამდენადაც კეთილშობილი არ უნდა იყოს, ის ზუსტად უნდა აღსრულდეს. შესაბამისად, რეგულაციის კეთილი ნება უნდა აღსრულდეს იმიტომ, რომ დაარეგულიროს პირობითად, სამართლიანი პრაქტიკა. მაგრამ ზედმეტი რეგულაცია ბიზნესს აძლევს წნეხს, რაც საბოლოოდ უარყოფითად აისახება მომხმარებელზე. აქედან გამომდინარე, ევროდირექტივა, რომელიც ჩვენ განვიხილეთ და პირდაპირ ვიყავი ჩართული ამ ევროდირექტივის განხილვაში, გულისხმობდა ადგილობრივი მეწარმის მალფუჭებადი პროდუქტების, ე.წ ფერმერების დაცულობას და აქ იყო სხვადასხვა ხერხი, დავუშვათ, ბრუნვასთან მიბმული და ა.შ— ვიცნობ მაგ დეტალებს და ძალიან კეთილშობილი დირექტივაა, თუ ის სწორად აღსრულდა. თუმცა იგი გამორიცხავს დისტრიბუტორების როლს და იქ სამართლიანი პრაქტიკის შემოღებას.
რაც შეეხება ამ სურათს ზოგადად, მეტი რეგულაცია გრძელვადიან პერსპექტივაში ნიშნავს უფრო გაძვირებულ ფასს, რომელიც, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება მოსახლეობაზე. ბიზნესს წესი ასეთი აქვს - ერთგან ხარჯი რომ გაიზრდება, სადღაც უნდა შეამციროს იმისთვის, რომ დააბალანსოს და მიიღოს მოგება",-აცხადებს მირანდა მანჯგალაძე.
























