მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ე.წ. ფეზეოს შენობაში სპორტული ტანვარჯიშის სკოლა გაიხსნა - რეაბილიტაციაში ₾350 000 დაიხარჯა

ფეზეო

თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდებარე ე.წ. ფეზეოს (შრომითი რეზერვების სპორტული დარბაზის) შენობაში არსებული სპორტული დარბაზი კერძო ინიციატივით აღადგინეს. დარბაზში, სადაც წლების წინ ბავშვები სპორტის სხვადასხვა სახეობაში ვარჯიშობდნენ, ახლა სპორტული ტანვარჯიშის სკოლა ფუნქციონირებს.

როგორც სპორტული ტანვარჯიშის სკოლის “ტანვარჯიშის ოლიმპიური რეზერვი” გუნდის წევრი და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულების წარმომადგენელი ავთანდილ მედოიძე BM.GE-სთან ამბობს, დარბაზი 10-წლიანი იჯარის საფუძველზე აიღეს და სარემონტო სამუშაოები საკუთარი რესურსებით, გუნდის წევრების უშუალო მონაწილეობით ჩაატარეს.

„ზაფხულში ჩვენმა გუნდმა სრულად აღადგინა დარბაზი საკუთარი რესურსებით და უშუალოდ ჩვენი ხელით, რაც 350 000 ლარი დაგვიჯდა. ამ ეტაპზე ვცდილობთ, საზოგადოებას მივაწვდინოთ ხმა ჩვენს შესახებ. დარბაზი მოქმედია და ფუნქციონირებს. საწყის ეტაპზე 130 ბავშვი გვყავს, სრული დატვირთვის შემთხვევაში კი 800 ბავშვის მიღებაა შესაძლებელი“, - ამბობს ავთანდილ მედოიძე.

მისივე ინფორმაციით, სპორტული ტანვარჯიშის გაკვეთილებზე 3-დან 16 წლამდე ბავშვებს იღებენ. ამჟამად დარბაზში ხუთი მწვრთნელი მუშაობს, მათ შორის არიან როგორც ნაკრების წევრები, ისე გამოცდილების მქონე სპეციალისტები.

„ბავშვები სპორტული ტანვარჯიშის სხვადასხვა მიმართულებას ეუფლებიან. დარბაზი სრულად არის აღჭურვილი პროფესიონალური სავარჯიშო ინვენტარით. ქართველ ბავშვებთან ერთად, გვყავს უცხოელი მოსწავლეებიც. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ბავშვების სპორტულ განვითარებას და ჯანსაღი მომავლის შექმნას.

რაც შეეხება სამწვრთნელო გუნდს, გვყავს როგორც ნაკრების წევრი მწვრთნელები, ისე გამოცდილი სპეციალისტები. ჩვენი მიზანია, აღვზარდოთ მომავალი სპორტსმენები, რომლებიც ოლიმპიადებსა და მსოფლიო ჩემპიონატებზე იასპარეზებენ“, - აცხადებს ავთანდილ მედოიძე.

ცნობისთვის: შრომითი რეზერვების სპორტულ დარბაზში ხანძარი 2024 წელს, ნოემბერში გაჩნდა, რის შემდეგაც შენობის ნაწილი დაზიანდა. ობიექტი შპს „დევიქალის“ მმართველობის ქვეშაა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი დავით ბერძენიშვილია, დირექტორი კი - ზურაბ ბერძენიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები