მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ე.წ. კადეტთა კორპუსის რეაბილიტაციის შემდეგ საცხოვრებელი 100-მდე ბენეფიციარს გადაეცემა" - კალაძე

კადეტთა კორპუსი

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ე.წ. კადეტთა კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, 100-მდე ბენეფიციარს სრულიად განახლებული საცხოვრებელი ფართები გადაეცემა - ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

"კიდევ ერთი პროექტი, რომელზეც მინდა, ყურადღება გავამახვილო, თაბუკაშვილის ქუჩის N46-ში მდებარე ე.წ. კადეტთა კორპუსია, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს. ამ ეტაპზე სრულდება შენობის ფასადისა და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები, ხოლო შიდა ფართების სრული რეაბილიტაცია და რემონტი წლის ბოლოს დასრულდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ 100-მდე ბენეფიციარს გადაეცემა სრულიად განახლებული, რეაბილიტირებული საცხოვრებელი ფართები. აქ იყო უმძიმესი მდგომარეობა. ეს არის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლი, რომელიც კატასტროფულ მდგომარეობაში იყო. აღნიშნულ შენობაში გაუსაძლის პირობებში უწევდათ ცხოვრება ოჯახებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ბოლო ინფორმაციით, მთაწმინდის რაიონში, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ე.წ. კადეტთა კორპუსის რეაბილიტაციისთვის ₾27 მილიონია გამოყოფილი.

სამუშაოებს, რომლის ღირებულებაც 27 048 791 ლარს შეადგენს, კომპანია „ბრიტანია ქონსთრაქშენი“ ახორციელებს. პროექტი 2025 წლის შემოდგომაზე დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები