ე.წ მეორადი ჩარიცხვებისთვის სახელმწიფო და კერძო უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე რეგისტრაცია უახლოეს დღეებში გამოცხადდება.
საქმე ისაა, რომ როგორც დღეს განათლების მინისტრმა განაცხადა, იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური ზღვარი გადალახეს, თუმცა ვერ ჩაირიცხნენ, შესაძლებლობა ექნებათ, ე.წ. მეორადი ჩარიცხვა სცადონ. ისინი იმ უნივერსიტეტებსა და პროგრამებზე შეძლებენ რეგისტრაციას, რომლებზეც ვაკანტური ადგილები არის.
მინისტრის განცხადებით, გადაწყვეტილება ერთჯერადია და მეორადი ჩარიცხვის პრაქტიკის მუდმივ აღდგენას არ გულისხმობს.
„თითოეული ახალგაზრდისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ჩვენი უმთავრესი მიზანია – სწორედ ამას ემსახურება უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში განხორციელებული უპრეცედენტო გადაწყვეტილებები.
თქვენთვის ცნობილია, რომ მიმდინარე წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ თითოეულ სტუდენტს სწავლას სახელმწიფო სრულად უფინანსებს, რაც ახალგაზრდებისთვის განათლების მიღების კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას ქმნის.
ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით, რადგან გვჯერა, რომ ახალგაზრდებისთვის შექმნილი თითოეული ახალი შესაძლებლობა არის ინვესტიცია ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში,” - აღნიშნა გივი მიქანაძემ.




























