ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, იურისტმა კახა კოჟორიძის განცხადებით, საქართველოში პოლიტიკური ნიშნით წარმოებულ საქმეებში სამართლიანი მართლმსაჯულების მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია.
ქვეყანაში არსებულ სამართლებრივ გარემოსა და სასამართლო სისტემაში არსებულ ტენდენციებზე BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ისაუბრა.
„ე.წ. პოლიტიკურ საქმეებში ადვოკატის როლი მინიმუმამდეა დაყვანილი, ბედი კი წინასწარ გადაწყვეტილი“, - აღნიშნა მან.
კახა კოჟორიძის დაკვირვებით, სასამართლო სისტემაში არსებობს მკვეთრი გამიჯვნა ჩვეულებრივ და პოლიტიკურ საქმეებს შორის და თუ სამოქალაქო ან რიგით სისხლის სამართლის დავებში ადვოკატს წარმატების შანსი აქვს, პოლიტიკური მდგენელის გაჩენისთანავე ვითარება რადიკალურად იცვლება.
„მთავარი პრობლემა არის ის, რომ არის საქმეები სასამართლოებში, სადაც ადვოკატმა როგორც არ უნდა მოინდომოს, რა კვალიფიკაციისაც არ უნდა იყოს, რა პროფესიული შრომა და უნარებიც არ უნდა ჩადოს, შეიძლება შედეგს მაინც ვერ მიაღწიოს. იმიტომ, რომ ასეთი ტიპის, პოლიტიკური ტიპის საქმეებში, საქმის ბედი თავიდანვე გადაწყვეტილია და ადვოკატის როლი მინიმუმამდეა დაყვანილი“, - აცხადებს კახა კოჟორიძე.
ამ გამოწვევაზე საუბრისას რესპონდენტმა სინდისის პატიმარ ვეფხვია კასრაძის საქმე ახსენა. „არანაირი საფუძველი, რომ ეს პატიმარი ყოფილიყო დამნაშავედ ცნობილი, არ არსებობდა, თუმცა მოსამართლემ მაინც გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. აი, ასეთი წინასწარ ბედგადაწყვეტილი საქმეები არის ჩვენთვის მთავარი პრობლემა“, - აღნიშნა ადვოკატმა და იქვე დასძინა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.
კოლეგებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ 2015-2016 წლებთან შედარებით, დღეს სისხლის სამართლის საქმეებზე სწორი შედეგის მიღწევა ბევრად უფრო რთულია.
„წერტილთან“ ინტერვიუში ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა ადვოკატების სამუშაო გარემოზეც ისაუბრა, რომელიც სავსეა გამოწვევებით. მისი თქმით, ადვოკატთა ასოციაციის ახალი გუნდის უპირველესი ამოცანა მავნე პრაქტიკის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება.
„ჩვენ უნდა დავადასტუროთ, რომ შეგვიძლია ჩვენი უფლებებისთვის ბრძოლა. თუ ადვოკატი თავის პროფესიაში ვერ შეძლებს საკუთარი უფლების დაცვას, ის ვერ შედგება სრულფასოვან ადვოკატად“, - აღნიშნა მან.




























