მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ე.წ სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს პატიმრობა შეეფარდა

ჯანდაცვის სამინისტრო

ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ბრალდებულ 20 პირს მათ შორის, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ირაკლი მხეიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს. მხეიძეს 2023 წელს, როცა ის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოს დირექტორი იყო, განხორციელებულ ქმედების ჩადენას ედავებიან. ბრალდების მიხედვით, ის პირადი გამორჩენის მიზნით დანაშაულებრივ ჯგუფს ხელს უწყობდა ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო რეალიზაციაში და სამართალდარღვევებზე სამართლებრივ რეაგირებას არ ახდენდა.

პროკურატურის ინფორმაციით, დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად, ყოველგვარი რეგულაციისა და სანებართვო პირობების უხეში დარღვევით სამოქალაქო ბრუნვაში შევიდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ჯამში 56 მილიონ ერთეულ აბზე მეტი ფსიქოტროპული მედიკამენტი, რამაც რიგ შემთხვევებში ათასობით მოქალაქის ჯანმრთელობას სხვადასხვა სიმძიმის საფრთხე შეუქმნა.

გუშინ, 25 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გახსნეს საქმე, რომელიც ეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას, დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ მიღებული შემოსავლების ლეგალიზაციას და უკანონო სამეწარმეო საქმიანობას.

"საქმეზე ჩატარდა 1 000-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ამ ეტაპისთვის დაკავებულია ორგანიზებული ჯგუფის 17 წევრი, ხოლო მიმალვაში მყოფი 3 პირის მიმართ გამოცხადდება ძებნა. გარდა ამისა, დაკავების გარეშე ბრალდება წარედგინა 11 ფიზიკურ პირს, რომლებმაც ითანამშრომლეს გამოძიებასთან და ხელი შეუწყვეს მასშტაბური დანაშაულებრივი სქემის გამოვლენას. ასევე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოში რეგისტრირებული 24 იურიდიული პირის მიმართ.

ბრალდებულთა შორის არიან სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც წლების განმავლობაში, პირადი ინტერესების გამო და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, ხელს უწყობდნენ აღნიშნული დანაშაულებრივი სქემის ფუნქციონირებას და მოქმედებდნენ საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ", - წერია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

ბრალდებულების მიმართ სისხლისამართლებრივი დევნა სსკ-ის 332-ე, 192-ე და 194-ე მუხლებით (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) დაიწყო, რაც ფიზიკური პირებისათვის სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო იურიდიული პირებისათვის ჯარიმას, საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ან ლიკვიდაციას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები