მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

EU აშშ-ის მიერ უნგრეთისთვის ატომური სადგურის მშენებლობაზე სანქციების მოხსნას აკრიტიკებს

ატომური სადგური
BM. GE
02.07.25 00:30
7

აშშ-მა უნგრეთს სანქცია მოუხსნა, რომელიც ქვეყანას ახალი ატომური ელექტროსადგურის, Paks 2-ის მშენებლობას უზღუდავდა. როგორც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიარტომ განაცხადა, ახლა ვეღარაფერი დაუდგება წინ იმ პროექტს, რომელიც რუსეთის სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფმა “როსატომმა” უნდა განახორციელოს.

ამჟამად უნგრეთში მხოლოდ ერთი ატომურ ენერგიაზე მომუშავე სადგური ფუნქციონირებს, რომელიც ელექტროენერგიაზე არსებული მოთხოვნის 40%-ს აკმაყოფილებს, თუმცა მას შემდეგ, რაც Paks I-ს Paks II-ც მიემატება, წარმოება 2400 მეგავატით გაიზრდება და ქვეყანა კიდევ უფრო მეტად ენერგოდამოუკიდებელი გახდება. არსებული სადგურისთვის ორი VVER-1200 ტიპის რეაქტორის მიშენებაზე მუშაობა 2014 წელს დაიწყო და მშენებლობის ხარჯების უდიდესი ნაწილი თავის თავზე რუსეთმა აიღო.

პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ სანქციების დაწესების საფუძველი პარტნიორობის სწორედ ეს მასშტაბი გახდა. მიმდინარე ომის ფონზე, უნგრეთისა და რუსეთის ერთობლივ ენერგო-პროექტზე მუშაობა მათ მიუღებლად მიაჩნდათ. გამოცხადებული შეზღუდვები რეაქტორების მშენებლობაზე დამატებითი ნებართვების გაცემას ართულებდა და პროექტის ფინანსურ უზრუნველყოფას. სიარტომ შტატების ახალ პრეზიდენტს წინამორბედის მიერ დაწესებული სანქციების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა და მიღებული გადაწყვეტილება უნგრეთის ენერგოდამოუკიდებლობის ხელშეწყობად შეაფასა.

შტატების მიერ სანქციების გაუქმების მიუხედავად, ოფიციალურ ბუდაპეშტსა და ბრიუსელს შორის დაძაბულობა არ ცხრება. ევროკავშირში კრიტიკულად აფასებენ გაერთიანების მიერ დაწესებული შეზღუდვების უგულებელყოფას უნგრეთის მხრიდან და მოუწოდებენ მის ხელისუფლებას, შეამცირონ დამოკიდებულება რუსეთზე, როგორც ენერგო-პარტნიორზე. მშენებლობის განახლებას კრიტიკულად შეხვდა ოფიციალური კიევიც, თუმცა უნგრეთი ევროკავშირისა და მისი მოკავშირეების შეფასებებს უკვე დიდი ხანია მეორეხარისხოვნად მიიჩნევს. ოფიციალური ბუდაპეშტი აცხადებს, რომ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ენერგო-დამოუკიდებლობის გაძლიერებაა, ამ მხრივ კი ის საკუთარ ინტერესებზე მაღლა არაფერს დააყენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები