ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მსგავსად, კანადა რუსულ ნავთობზე საფასო ჭერის შემცირებას გეგმავს. მთავრობის განცხადებით, ამით რუსეთის შესაძლებლობას უკრაინაში ომი აწარმოოს შეამცირებენ.
დღეის მდგომარეობით, დიდ შვიდეულს (G7) ურალსზე ფასის ზედა ზღვრად ბარელზე 60 დოლარი აქვს განსაზღვრული და აპირებენ ის 47.60 დოლარამდე შემცირდეს. საფასო ჭერის მექანიზმის, რომელიც რუსეთში წარმოებულ ნავთობზე უკრაინის ომის დაწყებიდან მალევე 2022 წლის დეკემბერში დაწესდა, მიზანია ნავთობისა და გაზის გაყიდვებზე დამოკიდებულ რუსეთს შემოსავლები შეუმცირდეს. თუმცა შემზღუდავი მექანიზმი მიზნად ისახავდა, რომ საფასო ჭერს საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის გაძვირება არ გამოეწვია.
"კანადა იდგა და გააგრძელებს უკრაინისა და მისი მამაცი ხალხის გვერდში დგომას, რომლებიც იცავენ საკუთარ სუვერენიტეტს რუსეთის უკანონო ინტერვენციის პირობებში. ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთზე ზეწოლას", - აცხადებს კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი ანიტა ანანდი. კანადას, რომელიც თავად ნავთობის ნეტო ექსპორტიორია, 2022 წლის მარტიდან რუსული ნავთობის პირდაპირი იმპორტი აკრძალული აქვს. დღეის მდგომარეობით, რუსული ურალსი ბირჟაზე საფასო ჭერზე ძვირად 63 დოლარად ივაჭრება.




























