2026 წლის 6 თვეში ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 249 201 ვიზიტი შედგა. წლიურ ჭრილში ზრდა 23%-ია. ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტორებით გერმანია ლიდერობს, შემდეგ მოდის პოლონეთი და საფრანგეთი. იანვარ-ივლისში ევროკავშირის მხოლოდ ორი ქვეყნიდან ესტონეთიდან და ლატვიიდან დაფიქსირდა კლება.
ევროკავშირის Top 10 ქვეყანა, საიდანაც ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა:
- გერმანია - 40 892 (ზრდა 26%);
- პოლონეთი - 39 506 (ზრდა 17.4%);
- გაერთიანებული სამეფო - 22 799 (ზრდა 20.6%);
- საფრანგეთი - 16 325 (ზრდა 26.7%);
- იტალია - 15 576 (ზრდა 41.8%);
- საბერძნეთი - 15 014 (ზრდა 9.9%);
- ესპანეთი - 11 052 (ზრდა 38.9%);
- ლიეტუვა - 10 794 (ზრდა 32.9%);
- ნიდერლანდები - 10 062 (ზრდა 32%);
- ლატვია - 7 845 (კლება 2.5%);
ასევე გაზრდილია 21%-ით ევროკავშირის ქვეყნებიდან მიღებული შემოსავლებიც. კერძოდ, 2026 წლის იანვარ-ივნისში, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები რაოდენობრივად ყველაზე მეტად გაიზარდა ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან და 335.7 მლნ დოლარს მიაღწია, რაც გასული წლის ორი კვარტალის მონაცემზე 58.6 მლნ დოლარით მეტია (ზრდა 21%).
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ვიზიტების მატებას მარკეტინგული კამპანიებითა და პირდაპირი ფრენებით ხსნის.
"გლობალური გამოწვევების ფონზე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად ახდენს ბაზრების დივერსიფიკაციას და ევროპის მასშტაბით მიზნობრივ მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებს.
ქართული კერძო სექტორის მხარდაჭერად და საქმიანი კავშირების გაღრმავების მიზნით ევროპის მასშტაბით ათობით ქალაქში მიმდინარეობს B2B შეხვედრები, როუდშოუები, პრეზენტაციები, გაყიდვების მისიები, (Sales Calls) რაც ხელს უწყობს პირდაპირი ბიზნესკავშირების დამყარებას ევროპულ ტურისტულ კომპანიებთან და მსხვილ სააგენტოებთან.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ევროპის მასშტაბით მონაწილეობს მსოფლიოში უმსხვილეს ტურისტულ გამოფენებსა და ღონისძიებებში, რაც ხელს უწყობს საქართველოს ცნობადობის გაზრდას.
მიმდინარეობს საქართველოს საიმიჯო სარეკლამო კამპანიები ევროპის გავლენიან მედია პლატფორმებზე, სარეკლამო კამპანიები მოიცავს გარე რეკლამასაც, ლონდონის, პარიზის, ევროპის უმსხვილესი ქალაქების ცენტრალურ მოედნებსა და ქუჩებს.
ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის მნიშვნელოვანი ნაწილია თანამშრომლობა საერთაშორისო ავიაკომპანიებთან: British Airways, Austrian Airways, Edelweiss და სხვა.
ევროპასთან საქართველოს საჰაერო კავშირი კიდევ უფრო ფართოვდება და იზრდება ავიარეისების სიხშირე, რაც დამატებით შესაძლებლობებს ქმნის ახალი ვიზიტორების მოსაზიდად. ამჟამად საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებიდან ევროკავშირის ქვეყნებისა და დიდი ბრიტანეთში 42 მიმართულებით ხორციელდება ფრენები. საქართველოში რეისებს ასრულებენ ისეთი საერთაშორისო ავიაკომპანიები როგორიცაა: British Airways, Transavia France, Wizz Air, EasyJet", - აცხადებენ ადმინისტრაციაში.




























