პოლონური რადიომაუწყებლის, Polskie Radio 24-ის ინფორმაციით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელ შეხვედრაზე, მხარეები საერთაშორისო სანქციების ახალ პაკეტზე იმსჯელებენ. სანქცირებულ ადამიანებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალებათ და ბლოკის ქვეყნებში არსებული აქტივები გაეყინებათ. სანქცირებული პირები და ორგანიზაციები ვერც ევროკავშირის დაფინანსებას მიიღებენ.
როგორც მედიასაშუალების მასალაში ვკითხულობთ, ევროკავშირი თექვსმეტ ადამიანს დაასანქცირებს, რომელთა შორის, უმეტესწილად, რუსები არიან, მაგრამ ჩამონათვალში მოლდოვის და საქართველოს რამდენიმე მოქალაქეც მოხვდება. Polskie Radio 24-ის განცხადებით, სანქცირებულ პირებს შორის ქვეყნების სპეციალური სამსახურების წარმომადგენლები, სამხედრო პირები, ბიზნესმენები, ე.წ. ექსპერტები და პროპაგანდისტული ჟურნალისტები მოხვდებიან.